22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
„ეყარონ ბიბლიოთეკაში" - 139-ე სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილზე დაგვიანების გამო დირექტორის ბრძანებით საათების განმავლობაში კეტავდნენ

139-ე სკოლის პედაგოგი ნინო ხოხობაშვილი და რამდენიმე მოსწავლე სკოლის დირექტორს ნათია ფხალაძეს ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. მასწავლებელი ამტკიცებს, რომ დირექტორმა პედაგოგებს დაგვიანებული ბავშვების დასჯა მოსთხოვა. ასეთი მოსწავლეები ბიბლიოთეკაში უნდა ჩაეკეტათ და გაკვეთილების განმავლობაში საპირფარეშოში გასვლის უფლებაც არ მიეცათ.

ბიბლიოთეკაში ჩაკეტვის ფაქტს რამდენიმე მოსწავლეც ადასტურებს.

არსებობს  აუდიოჩანაწერიც, სადაც დირექტორი მასწავლებელს სწორედ ამ მითითებას აძლევს და ბავშვებს შემდეგნარიდან მოიხსენიებ-„ეყარონ ბიბლიოთეკაში."

სკოლის დირექტორმა კომენტარი არ გააკეთა. დუმს სახალხო დამცველის აპარატი და განათლების სამინისტროც. უფლებადამცველები კი ბავშვთა უფლებების დარღვევაზე საუბრობენ.

აუდიოჩანაწერი, სადაც დირექტორი მოსწავლეების დასჯის კონკრეტულ მეთოდზე საუბრობს,  პედაგოგმა ნინო ხოხობაშვილმა გაასაჯაროვა. ამას წინ უძღოდა სხვა საკითხების გამო დაწყებული დაპირისპირება სკოლის დირექტორთან. შედეგად ერთი პედაგოგი ლელა მაზმიშვილი სკოლიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს, ნინო ხოხობაშვილმა კი ორი სასტიკი საყვედური უკვე მიიღო და გათავისუფლებას უახლოეს დღეებში ელოდება.
 

დღის ამბები