22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე და ბრალდებული დეკანოზის ოჯახი - ადვოკატმა ოჯახს ურჩია ბავშვები გაეხიზნა

ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძის ოჯახი იმ დღეებს იხსენებს, როდესაც სასულიერო პირის დაკავების და შემდეგ ბრალდების შესახებ გაიგეს. ოჯახი იმ  ემოციებზე ჰყვება, რომელიც დაკავებიდან სასამართლო პროცესების ჩათვლით გაიარა.

შაბათს საღამოს დეკანოზი მამალაძის პირველი ადვოკატისგან შეიტყო ოჯახმა, რომ მღვდელს პატრიარქის მკვლელობის მომზადებას ედავებოდნენ. იმავე უფლებადამცველმა ურჩია ეჭვმიტანილის ახლობლებს ბავშვები სასწრაფოდ გაეხიზნათ. მამა გიორგის მეუღლე და 3 შვილი ჰყავს.

დეკანოზის დედა, ქეთინო მაღლაკელიძე 10 წელია მოწყალების დად მუშაობს და მიუსაფარ მოხუცებს ბათუმის ”სათნოების სავანეში” უვლის. იმ ღამითაც ცვლაში იყო, როდესაც შვილის დაპატიმრების ამბავი გაიგო.

დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სკოლის შემდეგ ბათუმის სასულიერო სემინარია დაამთავრა. მღვდლად 2007-ში აკურთხეს. მალე დონეცკის ეკლესიაში გაუშვეს, სადაც 2-წელიწადნახევარი მსახურობდა.

კიევის სასულიერო აკადემიაში ჩაბარებამდე დეკანოზს რამდენიმე სასულიერო მისია შესრულებული ჰქონდა. ხელმძღვანელობდა ჩაქვის ეკლესიასა და გიმნაზიას, შემდეგ ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციის დირექტორი იყო. მოგვიანებით თბილისში ჯერ საპატრიარქოს საავადმყოფოს, მოგვიანებით ქონების მართვის სამსახურს ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ თანამდებობას უკავშირებს ოჯახი  33 წლის მღვდლის პატიმრობას. სასამართლოს განაჩენი მათ არ გაკვირვებიათ.

დღის ამბები