22 დეკემბერი 2024,   10:10
ვრცლად
შუალედური არჩევნები ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში - გამარჯვებისთვის 6 კანდიდატი იბრძვის  

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქის დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის. რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრა გიგი უგულავასთვის ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. თბილისის ყოფილი მერი ადგილობრივებს საკუთარ, წინა საარჩევნო პროგრამას აცნობს, რომელშიც უმთავრესი აქცენტი იმერეთის ტურისტული პოტენციალის უკეთ გამოყენებაზე კეთდება.

როგორც საპარლამენტო, ასევე არა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. მიზეზად, ქვეყანაში შექმნილი არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო დასახელდა. ოპოზიციური სპექტრის ამ სულისკვეთებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი არ იზიარებს და თვლის, რომ მმართველი პარტიის დასასრულის დასაწყისი სტარტს სწორედ ვანი-ხონის არჩევნებიდან აიღებს.

ამ არჩევნებში თბილისის ყოფილი მერის უშუალო კონკურენტი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი გივი ჭიჭინაძეა. საკუთარ კანდიდატს მმართველი პარტია სრულ მხარდაჭერას უცხადებს. 

ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ყოფილი მერის კონკურენციის არ ეშინია და თვლის, რომ მმართველი გუნდისთვის ეს შუალედური არჩევნებიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც წინა ორი საპარლამენტო არჩევნები იყო.

ვანი-ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების გამართვა დღის წესრიგში სწორედ მას შემდეგ დადგა, რაც 2016 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებულმა კანდიდატმა, გიორგი ლილუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოდან უშიშროების სამინისტროში გადაინაცვლა.

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელიც დეპუტატის მანდატისთვის იბრძვის, პარტია "ახალი ქრისტიან დემოკრატების" წარმომადგენელი მამუკა ტუსკაძეა.

პარლამენტარობის მსურველთა შორისაა დამოუკიდებელი კანდიდატი ვასილ კოპალიანიც.

ამ მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავთ ტრადიციონალისტებსაც, ასე რომ ვანელებსა და ხონელებს არჩევანის გაკეთება ექვს კანდიდატს შორის მოუწევთ. არჩევნები 28 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები