04 მაისი 2024,   03:04
ვრცლად
ერეკლე კოდუა პასუხისგებაში მისცეს

მთავარმა პროკურატურამ ერეკლე კოდუას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

სოდის ყოფილ უფროსს, შოთაძის უწყება, 2007 წლის 7 ნოემბერს სამაუწყებლო კომპანია “იმედში” უკანონოდ შეჭრისა და ტელეკომპანიის დარბევის ფაქტზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება.

დღეს ერეკლე კოდუას, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, ტელევიზიის შენობაში შეიჭრა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, იგივე ს.ო.დ.-ის სპეცდანიშნულების რაზმი და ოპერატიული თანამშრომლები, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდა ამავე დეპარტამენტის დირექტორი.

ისინი ძალისმიერი მეთოდით, უკანონოდ შეიჭრნენ ტელევიზიის შენობაში, მიზანმიმართულად დააზიანეს ძვირადღირებული საეთერო ჩართვის აპარატურა და ტელევიზიის ინვენტარი. ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში დასაქმებულ პერსონალს, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გამოაძევეს შენობიდან და შენობის გარეთ დაუშინეს რეზინის ტყვიები.

„იმედის“ მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვის შემდგომ, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, ერთი თვის განმავლობაში ტელევიზიის ტერიტორია ჰქონდათ ბლოკირებული,“ - განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ დაზარალებულად ცნობილია 13 პირი, მათ შორის უმრავლესობა არის იმედის ჟურნალისტი. ტექნიკური საშუალებების  და ინვენტარის განადგურების, დაზიანების, დაკარგვის, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით ტელევიზიის მატერიალურმა ზიანმა იმ პერიოდში შეადგინა 3 158 307 ლარი. 

დღის ამბები