22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
რაგბის სტადიონის ნაცვლად ორი კორპუსი საბურთალოს რაიონში - ოპოზიცია მერიასთან გარიგებაზე საუბრობს

რაგბის სტადიონისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე 2 მრავალსართულიანი კორპუსი აშენდება. განაცხადი მერიაში „ქართული ოცნების“ შემომწირველის ზაურ ცხადაძის შვილმა, სანდრო ცხადაძემ წარადგინა და მერიისაგან საბოლოოდ ნებართვას ელოდება. მას მიწის ნაკვეთი საბურთალოს რაიონში, სახელმწიფომ თავის დროზე რაგბის კავშირს სტადიონის ასაშენებლად აჩუქა.

რაგბის სტადიონის ნაცვლად, 185 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობაზე ნებართვა საკრებულომ 2015 წელს გადასცა. ერთ თვის წინ კი კომპანიამ უფრო მაღალსართულიანი კორპუსის მოთხოვნა თბილისის მერიაში შეიტანა. ოპოზიციას ეჭვი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველი მერიასთან გარიგებაშია და სწორედ ამის გამო მისცეს მას 6 000 კვ. სპორტულ მოედანზე კორპუსების აშენების უფლება.

ზაურ ცხადაძე, რომელმაც „ქართული ოცნების“ და პირადად, კახი კალაძის წინასაარჩევნო კამპანია 200 ათასამდე ლარით დააფინანსა და სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული მრავალმილიონიანი ტენდერების გამარჯვებულია, ამბობს რომ მისთვის უცნობია როდის იგეგმებოდა აქ რაგბის სტადიონის აშენება.

რაგბის კავშირს ნუცუბიძის ფერდობზე 6000 კვ.მ. მიწა, წინა ხელისუფლებამ ერთ ლარად იმ პირობით გადასცა, რომ იქ რაგბის სტადიონს 2011 წლამდე ააშენებდა. მოგვიანებით, რაგბის კავშირს დავით ნარმანიამ სტადიონის აშენების ვალდებულება მოუხსნა.

სტადიონის ნაცვლად ნუცუბიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის აშენებას აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა.

ხვალ, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ.

 

დღის ამბები