27 დეკემბერი 2024,   12:29
ვრცლად
დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია - მოძრაობა "თეთრი ხმაური"

„დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია,“ - ამ ინფორმაციას მოძრაობა თეთრი ხმაური ავრცელებს.

მოძრაობა თეთრი ხმაურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კლუბებში სამართალდამცავების შეჭრა “ნარკორეალიზატორების” დაკავებას არ ემსახურება და სპეცოპერაციას წინ უძღოდა „ბინძური კამპანია საკლუბო სცენისა და დამოუკიდებელი მოძრაობების წინააღმდეგ“.

„საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

"ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცავთა მიზანი ე.წ “ნარკორეალიზატორების” დაკავება გახლდათ, მაგრამ ეს ტყუილია! კარგად გვახსოვს, რომ ამ სპეცოპერაციას წინ უძღვოდა რამდენიმეთვიანი ბინძური კამპანია საკლუბო სცენისა და დამოუკიდებელი მოძრაობების წინააღმდეგ. კამპანიას სათავეში ედგნენ ფაშისტური დაჯგუფებები, ანგაჟირებული პრორუსული რეგრესული ძალები, რომლებიც უკვე წლებია, მიზანმიმართულად ებრძვიან დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდული კულტურის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებს.

"მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ერთობლივი პრევენციული განცხადება საკლუბო სცენის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. ყველას ბოლომდე გვჯეროდა, რომ ხელისუფლებას ეყოფოდა კეთილგონიერება და ამ სამარცხვინო ფაქტის წინაშე არ დავდგებოდით.

"ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის ერთადერთ სფეროს, რომელმაც არამხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, არამედ, პირველ რიგში, სწორედ მისი სოციალური ღირებულებებიდან გამომდინარე უჭირავს წამყვანი ადგილი მსოფლიო სცენაზე.

"ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა!

"ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად!

"შემოგვიერთდით დღეს, 15:00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ,“ - აღნიშნულია მოძრაობა თეთრი ხმაურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები