11 ოქტომბერი 2024,   21:24
ვრცლად
სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე - ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილსა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა

სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე - საქალაქო სასამართლოში ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილსა და პროკურორს შორის დაპირისპირება მოხდა.

მაია ნიკოლეიშვილი პროკურორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ბრალდების მხარის გაღიზიანება ექსპერტიზის დასკვნით არის გამოწვეული.

მაია ნიკოლეიშვილის თქმით, პროკურორი მას მის წინააღმდეგ საქმის აღძვრითაც დაემუქრა. მან ასევე, დაამატა, რომ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი პროკურორი ადვოკატ ინგა შარაშენიძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ცდილობდა.

„როდესაც მოსამართლე გავიდა, ატყდა საოცარი ამბავი, პროკურორი პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადმოდის, მეუბნება, შენ რომ სისულელე დაწერე, იმიტომ ატყდა ეს ამბავიო. ფაქტობრივად, შემდეგ ორივე პროკურორი უკვე დაკითხვაზე ჩაწერილია დისკზე, ისმის, რომ დიახ, ექსპერტზე აღვძრავ საქმეს, ანუ პირდაპირი მუქარაა. ვეკითხები და პირდაპირი მუქარა არის, რომ დიახ, აღვძრავ საქმეს. ამასთანავე, ამ შესვენების დროს, როცა მოსამართლე გასული იყო პროკურორი გაიწია საცემად ინგა შარაშენიძისკენ. პროკურატურის წარმადგენლეისთვის კატეგორიულად მიუღებელია დასკვნა. არ ვიცი მე, რატომ ვერ ხვდებიან, რომ მოსამართლისთვის ექსპერტის დასკვნა არ არის სავალდებულო, ეს არის შეფასებითი და ფაქტობრივად, პროკურორი ცდილობს, რომ დასკვნის გამო მოახდინოს ზეწოლა,“ - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედას, ნათია საყვარელიძესა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირების გამო სასამართლოზე შესვენება გამოცხადდა. დაპირისპირების დროს ნათია საყვარელიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც, სასამართლოში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

მათ შორის დაპირისპირება დარბაზს გარეთაც გაგრძელდა.

ნათია საყვარელიძემ ნიკოლეიშვილის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, დასკვნა ვარაუდის დონეზე არის გაკეთებული.

„ყველაზე აღმაშფოთებელი ჩემთვის რაც იყო, ყველა მის კომენტარს თავი რომ დავანებოთ, იყო ის, რომ ორი ბავშვის სასიკვდილოდ მიჩნეული ჭრილობები, დავით სარალიძეს აქვს 12 ჭრილობა, ჩემსას აქვს 2 ჭრილობა, ერთი მცირედი, ერთი ძირითადი და რომელიც მიჩნეულია გარდაცვალების მიზეზად, აი, ზუსტად იმ ჭრილობებზე ამბობს, რომ ისინი არ არის დანით მიყენებულიო,“ - განაცხადა ნათია საყვარელიძემ.

დღის ამბები