22 დეკემბერი 2024,   05:43
ვრცლად
ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ლიბერალიზაცია-სასტუმრო ბილტმორში დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ - ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ამ წუთებში სასტუმრო „ბილტმორში,“ იმყოფებიან, სადაც დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე  და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაესვა მთავარ საკითხს, რომ აუცილებელია დიასპორის წარმომადგენლებისთვის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების ლიბერალიზაცია. ასევე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ისაუბრა სხვადასხვა ღონისძიებებზე, რომელიც დიასპორის წარმომადგენლებს ერთმანეთთან აახლოებს.

„ძალიან თვალნათელი მაგალითი თქვენი თანამშრომლობის და ერთად თანაცხოვრების საზღვარგარეთ არის ნამდვილად საკვირაო სკოლები, რომელიც ძალიან სერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს,“-განაცხადა პრეზიდენტმა.

პრემიერ-მინისტრმა კი სიტყვით გამოსვლისას კონსტიტუციის ერთ-ერთ ნორმას გაუსვა ხაზი, სადაც აღნიშნულია, რომ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას იზრუნოს უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაზე.

„ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, რომელიც ქართულ  სახელმწიფოს აქვს თავის თანამემამულეების მიმართ,“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კონსტიტუციის ამავე ნორმაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ამ ინიციატივას არც ერთი მოწინააღმდეგე არ ჰყოლია.

„ეს საკითხი ერთხმად იქნა მხარდაჭერილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრთა მიერ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ  დიასპორას ყველა, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა,  განსხვავებული პატივით და მოწიწებით ეკიდება,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის მხრივ დიასპორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საქართველოსთან მჭიდრო კავშირის აუცილებლობასა და მუდმივ კავშირზე საქართველოს ხელისუფლებასთან. 

დღის ამბები