22 დეკემბერი 2024,   05:32
ვრცლად
მაკრატელი ამოიღო ჯიბიდან... იყო ზეწოლები - ხორავას ქუჩის საქმის სასამართლოს პროცესზე მომხდარი ინციდენტის შესწავლა გენინსპექციამ დაიწყო

კურიერის ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ საქალაქო სასამართლოში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის პროცესს. უკვე დაიკითხნენ პროკურორები. სასამართლოდან აუდიოჩანაწერი, სადაც დაპირისპირება და ჩხუბი ისმის "რუსთავი ორს" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ წყობიდან გამოსულმა პროკურორმა ადვოკატის საცემრად გაიწია და დამოუკიდებელ ექსპერტს დაჭერითაც დაემუქრა. ვითარება სხდომაზე მას შემდეგ დაიძაბა, რაც მაია ნიკოლეიშვილმა სასამართლოზე სკანდალური დასკვნა მიიტანა, რომელმაც მთელი საქმე თავდაყირა დააყენა. კერძოდ, ექსპერტმა თქვა, რომ მოკლულ სარალიძეს მრავლობითი ჭრილობების სხვადასხვა საგნებით, მათ შორის შესაძლოა მაკრატლითაც ჰქონდა მიყენებული.

დამოუკიდებელი ექსმერტის დაკითხვა დღევანდელ პროცესზე დასრულდა. ამჯერად პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რაც შეეხება გუშინდელ პროცესს, მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით გუშინდელი დაკითხვა იყო ძალიან დაბალ პროფესიონალურ დონეზე ჩატარებული პროკურორების მხრიდან, რასაც თან ახლდა მათი მცდელობა განეხორციელებინათ ზეწოლა.

„როცა მაკრატელი ამოიღო პროკურორმა ჯიბიდან, საერთოდ რა შუაში იყო  მაკრატელი და მეკითხება მაკრატლების კომფიგურაციებს. საერთოდ სად გავედით?!- მე არ ვიცი ეს. ჩანთაში ჰქონდა. პროცესზე, რომ დასჭირებოდა, რომ ეჩვენებინა ჩემთვის თუ აი, როგორ ჭრის მაკრატელი, რომლის შესახებ არ მქონია კითხვა დასმული. არავის უკითხავს, არ გამომიკვლევია. გუშინდელი დღე იყო საშინელება, ხარისხი დაკითხვის პროკურორების მხრიდან. მე გადავეჩვიე ასეთ პროკურორებს. იყო ზეწოლები დაკითხვის დროსაც და შუალედშიც. ვისურვებდი, რომ ეს კადრები ამოღებულიყო და ენახათ შესვენების დროს რა იყო,“-განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

საგამოძიებო ორგანოებს საქმის შესწავლისკენ მოუწოდებს ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილიც.

„მე მაქვს მყარი რწმენა, რომ უნდა დაინტერესდეს როგორც გენერალური ინსპექცია ასევე საგამოძიებო ორგანოები ხომ არ ჰქონდა კონკრეტული პირების მხრიდან გარკვეული უფლებამოსილებების გადამეტებას,“-განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები