22 დეკემბერი 2024,   10:09
ვრცლად
სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც მოსყიდული ჰყავს ან დაშინებული ყავს, ან ზეწოლას ახორციელებს პროკურატურა - ზაზა სარალიძე

მოზარდების მკვლელობის საქმის დღევანდელი განხილვა, საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესი თითქმის 6 საათი გაგრძელდა. ადვოკატების მტკიცებით, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ საქმეში განსასჯელების გარდა სხვა პირები და სხვა მტკიცებულებებიც ფიგურირებს.

თავად ზაზა სარალიძემ რამდენიმე წუთის წინ, საქალაქო სასამართლოს შენობა დატოვა და ის მეგობრებთან ერთად გაემართა რუსთაველის გამზირისკენ, სადაც დაგეგმილია საპროტესტო აქცია. ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამა პროკურატურას მოუწოდებს, რომ საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული.

„მოვუწოდებ მთელ ქართველ ერს, რომ დამიდგეს გვერდით ამ უსამართლო ბრძოლაში. დასტურდება, რომ ჩემი შვილის სხეულზე გამოყენებული არ არის მარტო ის ორი დანა, რაც საქმეში არსებობს. არის სხვა ბლაგვი საგნები გამოყენებული, რომელიც სამხარაულის ექსპერტმა დამალეს. წარმოჩენილი იყო ასევე ფოტო სურათები, კონკრეტული ფოტო სურათები ტანსაცმლის დაზიანებებზე, რომელიც სამხარაულის ექსპერტმა არ გამოიკვლია, ან გამოიკვლია მაგრამ სასამართლო პროცესზე არ მოიტანა და ჩვენამდე არ მოაღწია, რაც საფუძვლიან ეჭვს მიჩენს იმაში, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროც მოსყიდული ჰყავს ან დაშინებული ყავს, ან ზეწოლას ახორციელებს პროკურატურა. პლიუს ამას, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დააზიანა საქმეში არსებული დანა, რომელზეც უკვე აღარ შეიძლება კონკრეტული ექსპერიმენტის და დასკვნების გაკეთება,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ფიქრობს, რომ დასტურდება ის, რომ მოზარდის გარდაცვალებაში სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობდნენ.

„ბრალდების მხარე კვლავ იმავე ვერსიაზე რჩება, რომ თითქოს ორმა ადამიანმა და თითქოს მხოლოდ და მხოლოდ ორმა დანამ, რომლებიც წარმოდგენილია სასამართლოში მიაყენა მას დაზიანებები. როდესაც ექსპერტიზით დგინდება, რომ კატეგორიულად გამორიცხულია გარკვეულ ჭრილობებთან დაკავშირებით, ის ორი დანა, რომელიც წარმოდგენილია, მე მგონი აქ უტყუარად დასტურდება ის, რომ სხვადასხვა ადამიანები მონაწილეობდნენ ამ ადამიანის გარდაცვალებაში,“ - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

დღის ამბები