22 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
„ცეკვა დღეს პოლიტიკური აქტია“ - "ბასიანის" სივრცეში დღეს ერთიანობის მანიფესტაციაა დაგეგმილი

„ცეკვა დღეს პოლიტიკური აქტია“ - ამ ლოზუნგით კლუბ "ბასიანის" სივრცეში დღეს ერთიანობის მანიფესტაციაა დაგეგმილი. რეივ-აქცია სწორედ ამ წუთებში იწყება. 

ორგანიზატორების თქმით, მათი შეკრება უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას უკავშირდება და ის გრძელდება.

კლუბების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის იმ პატარა გამარჯვების აღნიშვნა, რომელსაც მათ მიაღწიეს და რომელიც დალუქული კლუბების გახსნას გულისხმობს.

ისინი ასევე აცხადებენ, რომ ბრძოლა არ სრულდება და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები ნარკოპოლიტიკის დროულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ისევ ძალაში რჩება.

„ჩვენ გვაქვს გამარჯვების საზეიმო განწყობა. ეს არის პოლიტიკური აქტი ერთის მხრივ. ცეკვა უკვე არის პოლიტიკური აქტი და გამოხატულება იმის, რომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება, კლუბები, ფესტივალები ვდგავართ ერთად, რათა ხელისუფლებას არ მოუხდეს გადაცდომები და მუდმივად გვეყოლება კონტროლის რეჟიმში,“ – განაცხადა კლუბ „ბასიანის“ დამფუძნებელმა ზვიად გელბახიანმა.

კომენტარი რეივ-აქციასთან დაკავშირებით გააკეთა კლუბ "ბასიანის" კიდევ ერთმა დამფუძნებელმა, ტატო გეთიამ.

„ეს არის პატარა გამარჯვება, რომელსაც ჩვენ ვიფორმებთ. ეს არ არის აღნიშვნა, ეს არის პროტესტის გაგრძელება და რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ამ ქვეყანაში ხდება,“ - განაცხადა ტატო გეთიამ.

დღის ამბები