22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
„ხელისუფლებამ ვერ ისწავლა ჭკუა... სისტემა ყოველთვის დგებოდა მკვლელის მხარეს"-ხელოვანები ზაზა სარალიძეს მხადაჭერას უცხადებენ

ქართველი მწერლები და პოეტები ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი საუბრობენ იმ მძიმე მდგომარეობაზე, რომელშიც ზაზა სარალიძე იმყოფება და ამბობენ, რომ ის არის სისტემური ძალადობის მსხვერპლი.

„არც ერთ ნიჭიერ მწერალს, ჰორორების მწერალს არ წარმოუდგენია ალბათ ისეთი ნაწარმოები  რეალობის შესახებ, რომელიც ასახავდა იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვართ. იმ კოშმარულ რეალობას და ჩვენი ენაც, ჩვენი გონებაც და ჩვენი გულიც უძლურია გაუმკლავდეს ამ კოშმარს, რომელშიც იმყოფება მთელი საზოგადოება და ამ საზოგადოების ერთი რიგითი წევრი, ადამიანი, მსხვერპლი, სისტემური ძალადობის მსხვერპლი ზაზა სარალიძე,“-განაცხადა პოეტმა რატი ამაღლობელმა.

ხელოვანები ასევე ხელისუფლებას აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ მიუხედავად არაერთი მსგავსი შემთხვევისა, მოქმედმა მთავრობებმა ვერ ისწავლეს ჭკუა, რომ უნდა დადგნენ დაზარალებულის გვერდით და არა მკვლელის.

„ხელისუფლებამ ვერ ისწავლა ჭკუა. ჩვენ ადრეც გვახსოვს, რომ სისტემა ყოველთვის დგებოდა მკვლელის მხარეს და არა დაჩაგრულის მხარეს. ეს იყო წლების წინაც და ახლაც ასე გრძელდება. სისტემა ხელს აფარებს მკვლელებს და სრულიად  უძლური რჩება უბრალო ადამიანი. ამიტომ ჩვენ ვაფიქსირებთ კიდევ ერთხელ რომ ჩვენ  გვერდში ვუდგავართ ბატონ ზაზას და მან მარტო არ უნდა იგრძნოს თავი,“-განაცხადა მწერალმა ლაშა ბუღაძემ.

ხელოვანები ასევე გამოეხმაურნენ მთავარი პროკურატურის კანდიდატურას. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებაში ნდობით აღჭურვილი პირი აღარ დარჩა ამიტომ ის უნდა შეირჩეს გარედან, ფართო კონსესუსის შედეგად. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები