22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
მესამე სექტორი თბილისის მერიას მეტროს გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს

არასამთავრობო ორგანიზაციები თბილისის მერიას მეტროს გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებენ.

5 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაფიცვის უკანონობასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება და მემანქანეები სასამართლოს განჩინების შესაბამისად იქცევიან.

მესამე სექტორის განცხადებაში ასევე, აღნიშნულია, რომ მემანქანეთა ანაზღაურების ოდენობასთან დაკავშირებით კახა კალაძის განცხადება არ არის სიმართლე.

„ასევე პრობლემურია თბილისის მერის განცხადება რომლითაც ის ცდილობს მეტროს თანამშრომელთა ხელფასების საკმარისობა სხვა პროფესიის მქონე პირთა არასათანადო ანაზღაურებით დაასაბუთოს, რაც მემანქანეთა ხელფასების საკმარისობის ნაცვლად, ქვეყანაში დასაქმებულთა მძიმე სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას ადასტურებს, რაც თავის მხრივ ხელისუფლების უშუალო პასუხისმგებლობაა. ამასთან, ჩვენთვის დღემდე დახურულია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელძღვანელ პირთა ხელფასები, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან მონაცემებს მეტროპოლიტენში სახელფასო პოლიტიკის სამართლიანობის შეფასებისათვის,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

მესამე სექტორი თბილისის მერიას ქალაქში შექმნილ კოლაფსზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

„ამასთან, თბილისის მერია ქალაქის სატრანსპორტო კოლაფსზე პასუხისმგებლობის აღების და გააზრების ნაცვლად ცდილობს დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებლობა მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს დააკისროს, რაც სრულიად მიუღებელია იმ პირობებში როდესაც კომპანიას და თბილისის მერიას არანაირი ქმედითი ნაბიჯი მეტროს თანამშრომლებთან მოლაპარაკებების წარმოების და აღნიშნული შედეგის თავიდან აცილების ან გაფიცის შემდგომ მოლაპარაკებების განახლების მიზნით ამ დრომდე არ გადაუდგამს.

მივიჩნევთ, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტმა სრულად გაიაზროს მისი როლი და პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებში და გადადგას ქმედითი ნაბიჯები მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, რაც დაეფუძნება ადამიანების უფლებების დაცვის მიდგომებსა და სოციალური დიალოგის პრინციპებს,“ - აღნიშნულია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მესამე სექტორი თბილისის მერიას მიმდინარე მოვლენებში საკუთარი როლის გააზრებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ ქ. თბილისის მერიასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას:

- დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკების პროცესი მეტროს გაფიცულ თანამშრომლებთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ერთი მხრივ მეტროს თანამშრომელთა მოთხოვნების განხილვა და მეორე მხრივ მეტროს საქმიანობის შეჩერების შედეგად მოსახლეობისთვის დამდგარი შედეგებისა და ქალაქის შესაძლო პარალიზების საფრთხეების დროული აღმოფხვრა;

- უზრუნველყონ მეტროს თანამშრომელთა გაფიცვის უფლების რეალიზების სრული და განუხრელი დაცვა, რაც მათ შორის უნდა გამორიცხავდეს მეტროს თანამშრომელთა შესაძლო დისციპლინური, სამოქალაქო თუ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია - საია“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, „სოლიდარობის ქსელი-მშრომელთა ცენტრი“ და „ახალგაზრდა სოციალისტები“ აწერენ.

დღის ამბები