22 დეკემბერი 2024,   10:29
ვრცლად
"რეჟიმი დალპა და უნდა გატანა... ყველა ვართ თანახმა, რომ ჩატარდეს დიდი პოლიტიკური მიტინგი"-ოპოზიცია 10 ივნისის აქციისთვის ემზადება

ოპოზიცია მასშტაბური აქციისთვის ემზადება. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე პოლიტიკური პარტიები მოლაპარაკებას გააგრძელებენ. 10 ივნისს ცნობილი გახდება ვინ დადგება თბილისის მთავარ გამზირზე ზაზა სარალიძის გვერდით.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კონსულტაციებს კვლავ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართეს. როგორ შეხვედრის დასრულების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, შეხვედრისას საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ ვინ აიღებს საკუთარ თავზე მიტინგის ორგანიზებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია მკვეთრად და მკაფიოდ გამოიკვეთოს მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი პირი. იმისთვის, რომ მე ადამიანებს მოვუწოდო მიტინგში მონაწილეობის მიღებისკენ, მე უნდა ვიცოდე ვინ არის პასუხისმგებელი და ვისი პასუხისმგებლობის ქვეშ მომყავს ჩემი თანამებრძოლები,“-განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დიდი პოლიტიკური მიტინგის ჩატარების მომხრეა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ რეჟიმი უნდა შეიცვალოს და ამაზე კონსულტაციებში მონაწილე ყველა პარტია თანხმდება.

„რეჟიმი დალპა. დამპალ რეჟიმს უნდა გატანა. თანაც ისეთი მშვიდობიანი მეთოდებით, რომ ახლა კიდევ სხვა სფეროები და საზოგადოება არ დავაზიანოთ. ამიტომ პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა პოლიტიკურ პარტიას და ვინც აქ ვზივართ ყველა ვართ თანახმა, რომ ჩატარდეს დიდი პოლიტიკური მიტინგი და არავინ უკან არ დავიხევთ აქედან,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

პარტიის წევრები ამბობენ, რომ საკმაოდ დიდი კონსოლიდაცია არსებობს მათშორის. გარდა ამისა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ოპოზიციური პარტიები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან დიპლომატიურ კორპუსს. 

დღის ამბები