09 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
დახურული მეტროსადგურები - გაფიცული მემანქანეები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ

თბილისში სატრანსპორტო მოძრაობა, ფაქტობრივად, პარალიზებულია. მეტროს გაფიცული მემანქანეები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ. ამ მოთხოვნის შემდეგ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თანამშრომლები შანტაჟში დაადანაშაულა.

თბილისის მეტროპოლიტენის არსებობს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გაფიცვის გამო 186-ვე სამგზავრო ვაგონი დღეს უმოქმედოდ იდგა. მერიასთან რამდენიმე თვიანი უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, მემანქანეები და მეტროს თანამშრომლები იძულებულები გახდნენ პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართათ.

გაფიცულები მიწისქვეშ ურთულესი სამუშაოსთვის საათში 10-ლარიან ანაზღაურებას ითხოვენ, დღეს მათ სატრანსპორტო კომპანია 8 ლარსა და 65 თეთრს უხდის.

გაფიცული მემანქანეების მოთხოვნის მიუხედავად თბილისის მერი მათთან შესახვედრად არ მივიდა. კახა კალაძემ ბრიფინგზე თქვა, რომ მემანქანის ანაზღაურება თვიურად 1800 ლარამდეა. ამავე ბრიფინგზე კახა კალაძემ საზოგადებას უთხრა, რომ გაფიცული მემანქანეები საკუთარი ხელფასის გაზრდას მგზავრობის ტარიფის გაძვირების ხარჯზე ითხოვდნენ.

მერის ამ განცხადებამ გაფიცული მემანქანეები კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა, მათ კახი კალაძე ტყუილში დაადანაშაულეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თბილისის მერმა დღეს რიგითი მოქალაქეების და მეტროს თანამშრომლების დაპირისპირება სცადა.

ამ განცხადებების საპასუხოდ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე არ გამორიცხავს, რომ აქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

ერთადერთი ვინც ხელისუფლებიდან მემანქანეებთან სასაუბროდ მივიდა „ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ნაცვლიშვილი იყო. დეპუტატმა თბილისის მერია ხისტი პოზიციის გამო გააკრიტიკა და მისივე თანაგუნდელ კალაძეს შეახსენა, რომ გაფიცვა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა.

გაფიცულები დაშლას არ აპირებენ, ვიდრე მერია დათმობაზე არ წავა და ანაზღაურება არ გაიზრდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები