22 დეკემბერი 2024,   09:53
ვრცლად
არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ - მესამე სექტორმა პრემიერს წულუკიანის გადაყენებისკენ მოუწოდა

არასამთვრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ - გავლენიანი სამოქალაქო ორგანიზაციები თეა წულუკიანის გადაყენებას მოითხოვენ და უარს აცხადებენ მასთან ერთად მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციებში მონაწილეობაზე.

პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობოების მოთხოვნას "აბსურდული" და "გონიერ საფუძველს მოკლებული" უწოდა. კვირიკაშვილმა არასამთავრობოები მთავარი პროკურორის არჩევის საკითხის პოლიტიზირებაში დაადანაშაულა.

კვირიკაშვილის ამ განცხადებას პროტესტის სოციალურ ქსელში მალევე მოჰყვა. ინტერნეტის მომხმარებლები მოუწოდებდნენ ერთმანეთს, „სიცილით“ გამოეხატათ დამოკიდებულება მთავრობის მეთაურის ამ განცხადების მიმართ.

მესამე სექტორმა დღეს პრემიერმინისტრს მოუწოდა, რომ იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, თანამდებობიდან გადააყენოს. მიზეზი არაერთია, მათ შორის, მართლმსაჯულების ჩავარდნილი რეფორმა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის შელახული იმიჯი.

თუ წულუკიანი თანამდებობას არ დატოვებს, მესამე სექტორი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვება. არასამთავრობო სექტორს დღეს მხარი დაუჭირა სახალხო დამცველმაც.

მესამე სექტორის მოთხოვნას უერთდება ოპოზიციაც. ოპოზიცია წულუკიანს ურჩევს, სისტემურ პრობლემებზე პოლიტიკური პასუხიმგებლობა აიღოს და თანამდებობა დატოვოს.

პირს, რომელსაც მთავარი ბრალმდებელის პოსტის დაკავება სურს, საქართველოს მოქალაქეობის გარდა, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. პროკურორს მოეთხოვება, რომ არ იყოს ნასამართლევი და ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.

მთავარ პროკურორად მხოლოდ ის პირი აირჩევა, ვისაც მოსამართლედ, პროკურორად ან ადვოკატად სისხლის სამართლის სფეროში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება აქვს.

სამოქალაქო სექტორიდან ან უმაღლესი სასწავლებლიდან კანდიდატად მხოლოდ იმ პირის დასახელება შეიძლება, ვისაც იურისტად მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება აქვს.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის იუსტიციის სამინისტროში მთავარი პროკურორობის ორი კანდიდატის განაცხადია შესული.

დღის ამბები