22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
მირზა სუბელიანი გაუშვეს შვებულებაში - ოპოზიცია შსს-ს ბრიფინგს ეხმაურება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობისთვის მირზა სუბელიანის დაკავებას და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს პოლიტიკოსები აფასებენ.

ოპოზიციის თქმით, ხვალ პარლამენტის შენობასთან დაგეგმილი აქცია ლოზუნგით „ნუ მომკლავ!“ მაინც გაიმართება.

მათი განცხადებით, შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით ცხადი გახდა, რომ მოზარდების მკვლელობის საქმეში პროკურატურამ სერიოზული შეცდომები დაუშვა.

„საზოგადოებრივმა პროტესტმა ხელისუფლებას უკან დახევა აიძულა და პირველი მცირედი შედეგი არის აქედან გამომდინარე, მაგრამ ისინი ცდილობენ, რომ ამ ადამიანებს მუხლები ისე შეუფარდონ, რომ ჯარიმით გამოიყვანონ. მე ვეთანხმები ზაზა სარალიძის განცხადებას, ეს არის თამაში, რომლითაც შვილმოკლულ მამას აწვალებენ,“ - განაცხადა პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებით, არასრულწლოვნების საქმეზე გაცილებით მეტი პასუხისმგებელი პირია, ვიდრე შსს-ს მიერ დღეს დასახელებული ორი ბრალდებული - მირზა სუბელიანი და მერაბ მორჩაძე.

„მირზა სუბელიანს ისეთი მუხლი წაუყენეს, სადაც საპატიმრო სასჯელი არ დამდგარა. რეალურად რა მოხდა - რეალურად, მირზა სუბელიანი გაუშვეს შვებულებაში ცოტა ხნით, რომ მან არ გასცეს კითხვებზე პასუხი საზოგადოებას, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, თუნდაც, საგამოძიებო კომისიას, რომელიც პარლამენტში შექმნას და იმედი ჰქონდათ, რომ რამეს გამოიძიებდნენ. ეს ადამიანი გაანეიტრალეს. სად არის მკვლელი, დათუნა სარალიძე ვინ მოკლა? ერთი მკვლელიც კი არ არის დასჯილი, პასუხისგებაში მიცემულიც კი არ არის,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

 

 

დღის ამბები