თალიბები ავღანეთის ხელისუფლებასთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 2001 წლის შემდეგ პირველად დათანხმდნენ. სამდღიანი ზავის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა, სავარაუდოდ, ის 15 ივნისს რამადანის დასრულებას დაემთხვევა.
დღესასწაულის პერიოდში მებრძოლები სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ყველანაირ შეტევას შეწყვეტენ.
ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებას წინ უძღოდა თალიბების მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი თავდასხმების სერია, რომელსაც საერთო ჯამში 60-ზე მეტი სამხედრო ემსხვერპლა. აქედან ყველაზე მეტი - 23 ჯარისკაცი ყანდაარის, 19 კი კუნდუზის პროვინციაში დაიღუპა.