22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ახალი არეულობა "ქართულ ოცნებაში" - დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე პროკურატურას შოთა შალელაშვილის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს

ქართულ ოცნებაში ახალი დიდი არეულობა დაიწყო. დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე პროკურატურას შოთა შალელაშვილის საქმიანობით დაინტერესებას სთხოვს.

პარლამენტის წევრი ფიქრობს, რომ შალელაშვილის ფინანსური მაქინაციები იმდენად ღრმაა, რომ ის პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამაც უნდა გამოიძიოს.

შალელაშვილი საქართველოს პარლამენტის მილიონერი დეპუტატების რიცხვშია. მხოლოდ დეკლარაციაში წერია, რომ მას 10 მილიონ დოლარამდე ნაღდი ფული ქართუ ბანკში აქვს, მილიონებად არის შეფასებული მისი უძრავი ქონება და სხვა აქტივები.

კურიერმა გაარკვია, რომ გამოძიება შალელაშვილის შემოსავლებზე მანამდე დაიწყო, ვიდრე ის პარლამენტის წევრი გახდებოდა. 2015 წელს დაყადაღებული იყო შალელაშვილის ანგარიშები ქართუ ბანკში.

კურიერმა მოიპოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, სადაც წერია, რომ 2015 წელს შალელაშვილს, ჯამში, 20 მილიონი დაუყადაღეს. საბანკო ანგარიშებზე წვდომა მილიონერს კი იმის გამო შეუზღუდეს, რომ გამოძიების პროცესში ქონება არ გადაემალა.

კურიერმა ასევე გაარკვია, რომ ყადაღის მოხსნასა და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირისთვის ფულის უკან დაბრუნების საქმეში მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული. მაშინდელ პროკურორთან ოცნების გავლენიანი პირები ანგარიშების შეზღუდვებისგან გათავისუფლების მოთხოვნით დადიოდნენ. ამ ამბავს თავად ქართული ოცნების მოქმედი დეპუტატიც ადასტურებს.

ქართული ოცნების დეპუტატი, გია მიქელაძე, ამტკიცებს, რომ შოთა შალელაშვილი მაქინაციების მსხვერპლი თავადაც გახდა.

ქართული ოცნების დეპუტატების ფინანსურ მაქინაციებს სწავლობს ოპოზიცია. ოპოზიციას აინტერესებს, სად წავიდა ფული და ხომ არ გადაიხადა ყადაღის მოხსნის სანაცვლოდ ქრთამი შალელაშვილმა.

ამას გარდა, უკვე ორი წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული შალელაშვილი შვილზე. გამოძიებამ კიბერთავდასხმის შედეგად გარი შალელაშვილს ნახევარი მილიარდი დოლარის მითვისებაში დასდო ბრალი. საქმის მასალებით, შალელაშვილის შვილმა, რუსი ჰაკერების დახმარებით, ამერიკული ბანკების ანგარიშებიდან დიდი ოდენობით თანხა მოიპარა. ამ ფაქტს თავად შალელაშვილი ადასტურებს.

შოთა შალელაშვილის შვილი ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. ის ახლა სათვალთვალო სამაჯურის საშუალებით გადაადგილდება და ამერიკული სასამართლოს განაჩენს ელოდება. 

დღის ამბები