09 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
მირზა სუბელიანის დაკავებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან - ხვალ რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით მირზა სუბელიანის დაკავებას პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავება აჩვენებს, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია.

„მაშინ, როდესაც შესაბამისი პირობები, შესაბამისი მტკიცებულებები იქნა მოძიებული და შეიქმნა პირობები, რომ კონკრეტულ ადამიანს წარედგინოს ბრალი, სწორედ მაშინ მოხდა ამის გაკეთება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბოლო სხდომამდე რამდენიმე დღის, სამი დღით ადრე, მისცა ჩვენება გამოძიებას, შემდეგ ამ ჩვენების საფუძველზე დაიკითხნენ სხვა ადამიანებიც და შესაბამისად, მოგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დაკავებული იქნა მირზა სუბელიანი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მმართველი გუნდის შეფასებით, ხელისუფლების მიდგომაა, რომ დამნაშავე დაუსჯელი ვერ იქნება.

„ეს იყო ერთ-ერთი ბოლო სხდომა, ბოლოს წინა სხდომა, როდესაც დუმილის უფლება დაარღვია პროცესის მონაწილე ერთ-ერთმა პირმა და ჩვენება მისცა. ამ ჩვენების მიცემის შემდეგ გარკვეული გარემოებები გახდა ცნობილი. ამის გადამოწმების და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ თქვენ ხედავდით რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სწორედ ეს საგამოძიებო მოქმედებები და დაკითხვები, გახდა საფუძველი ბატონი სუბელიანის დაკავების და მისთვის ამ კონკრეტული ბრალდებით დაკავების საფუძვლად მითითების. უკვე შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები წინ არის,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ხვალ რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ნუ მომკლავ!“ გაიმართება. აქციაზე რიგითი მოქალაქის სტატუსით პოლიტიკოსები მივლენ, თუმცა, ოპოზიციის ნაწილი - ევროპული საქართველო, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები პარლამენტის შენობასთან პროტესტის გამოსახატად არ მივა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები