22 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
“აქ უნდა დამდგარიყო იმ მინისტრების საკითხი, რომელთა გადადგომაც მე მოვითხოვე" - ზაზა სარალიძე "ოცნების" გადაწყვეტილებაზე

“აქ უნდა დამდგარიყო იმ მინისტრების საკითხი, რომელთა გადადგომაც მე მოვითხოვე. თუმცა, შიგნით რა მოხდა, მე არ ვიცი,“ - ასე გამოეხმაურა ზაზა სარალიძე ქართული ოცნების ოფისში გამართულ შეხვედრას.

საუბარია დღეს ქართული ოცნების ოფისში გამართულ შეხვედრაზე,  რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი სამთავრობო ცვლილებები იყო. თუმცა, მოგვიანებით, შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდა განცხადებები, რომ მმართველმა გუნდმა დახურულ კარს მიღმა გაეროს კვლევაზე ისაუბრა.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მას მოლოდინი ჰქონდა იმას, რომ ეს შეხვედრა გიორგი გახარიას და თეა წულუკიანის გადადგომით დასრულდებოდა. ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაშიც თუ დაანონსებული სამთავრობო ცვლილებები მოხდება და გახარია სხვა პოზიციაზე იქნება, მას პროტესტი მაინც ექნება.

მოკლული დავით სარალიძის მამა  გუშინ აქციაზე განხორციელებულ დაკავებებსაც გამოეხმაურა. ზაზა სარალიძის თქმით, სამართალდამცავები მშვიდობიან მოსახლეობაზე წავიდნენ პირდაპირ აგრესიაზე და ზეწოლაზე.

„არ ვიცი, რა მოეპრიანა ბატონ გახარიას, უცებ წავიდა ძალდობაზე. ძალადობაზე კი არა, ვიღაც ინტერპოლით ძებნილიც კი შემოგვიგდეს. ასეთ ნაბიჯებს ორი წლის ბავშვიც არ გადადგამს. გახარიამ დაამტკიცა, რომ შეუფერებელია ამ თანამდებობისთვის,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

რაც შეეხება საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავა ძალის გამოყენებით მიიყვანეს დარბაზში, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სხდომაზე იყო შესვენება და ის და ზვიად კუპრავა ჩავიდნენ სასადილოში. მისივე თქმით, სწორედ ამ დროს მივიდნენ სამართალდამცავები მათთან და დარბაზში დაბრუნება მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი პოლიციამ მათზე იძალადა.

ზაზა სარალიძის განცხადებით, მან სრულყოფილი ინფორმაცია გენერალურ ინსპექციას უკვე მიაწოდა. 

დღის ამბები