22 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
„არჩილ თალაკვაძე კომიკურ მდგომარეობაში ჩააყენეს“ - ირმა ნადირაშვილი

„არჩილ თალაკვაძე კომიკურ მდგომარეობაში ჩააყენეს,“ - ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ირმა ნადირაშვილი, ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ განსახილველი საკითხი არა სამთავრობო ცვლილებები, არამედ გაეროს კვლევა იყო.

საუბარია დღეს ქართული ოცნების ოფისში გამართულ შეხვედრაზე,  რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო.

ნადირაშვილის განცხადებით, შეხვედრის დაწყებამდე თავად ოცნების წევრებიც საუბრობდნენ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე. მათი შემდგომი კომენტარები კი ზუსტად ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებაში არავინ  არაფერს არ წყვეტს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში შეიძლება იმის თქმაც, რომ თავად ივანიშვილიც ვეღარ იღებს თამამ გადაწყვეტილებებს, რადგან მას წინა პრემიერ ღარიბაშვილის გადასაყენებლად ნახევარი საათიც კი არ დასჭირდა.

„ფაქტია, რომ ამ შეხვედრაზე ყველაფერი ისე არ წავიდა, რა მოლოდინიც ჰქონდათ ქართული ოცნების დეპუტატებს,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისივე თქმით, მას ამ შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ გიორგი კვირიკაშვილი ნამდვილად გადადგება, თუმცა, ახლა მმართველი გუნდი ფიქრობს, როგორ შეფუთოს ეს ფაქტი.

„მე არ ვთვლი, რომ კვირიკაშვილის გადადგომა რამეს შეცვლის იმიტომ, რომ ის არის მარიონეტი,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ის თვლის, რომ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდა.

„მათ შეეშინდათ ხალხის,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის მუშაობას, ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ კომისია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა კითხვას ობიექტური პასუხი გაეცეს. 

"ეს იქნება დამოკლეს მახვილი ხელისუფლებისთვის," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები