22 დეკემბერი 2024,   10:06
ვრცლად
"არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო კვირას პარლამენტში მთავრობის ფორმირების პროცესი დაიწყოს და დასრულდეს კიდეც“ - გიორგი კახიანი

საქართველოს პრემიერის გადადგომის შემდეგ, ახალი პრემიერის დამტკიცებამდე ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი შეასრულებს.

ახალი პრემიერისა და მთავრობის დამტკიცებას შესაძლოა სამი კვირა დასჭირდეს, თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ვარაუდობს, მთავრობა მომდევნო კვირაშიც შეიძლება დამტკიცდეს.

პროცედურის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობამ მთავრობის ახალი შემადგენლობა პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს. პრეზიდენტი კი ვალდებულია ასევე 7 დღეში მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს.

ამის შემდეგ ერთი კვირა ექნება პარლამენტს, რომ მოახდინოს ახალი მთავრობის შემადგენლობის ფორმირება და იმსჯელოს ნდობის გამოცხადებაზე. თუმცა კახიანი ფიქრობს, რომ ეს ერთ კვირაშიც შესაძლებელია.

„ეს პროცედურა შეიძლება სამი კვირაზე გაიწელოს, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს პროცესი ბევრად ადრე დასრულდება ვიდრე ეს პროცედურა ითვალისწინებს...არ გამოვრიცხავ, რომ მომდევნო კვირას პარლამენტში მთავრობის ფორმირების პროცესი დაიწყოს და დასრულდეს კიდეც“-განაცხადა კახიანმა.

დღის ამბები