22 დეკემბერი 2024,   10:13
ვრცლად
„ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემა ყანყალებს და მას ვეღარაფერი გადაარჩენს" - არასაპარლამენტო ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს

პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, არასაპარლამენტო ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე ალაპარაკდა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ამბობს, რომ თუ ივანიშვილის ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მაშინ ის მიიღებს სახალხო მღელვარების ახალ ტალღას.

„თუ ივანიშვილის არ მოვა ჭკუაზე და არ დანიშნავს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, არ შეეგუება იმას, რომ ის ჩაფლავებულია, გაკოტრებულია და მოვიდა დრო მისი წასვლისა  მაშინ სახალხო მღელვარების ტალღა გაგრძელდება და აუცილებლად ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებული იქნება,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერიც. ნინო ბურჯანაძე ამბობს იმასაც, რომ კვირიკაშვილის გადადგომა იმ ხალხის გამარჯვებაა, ვინც მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდა ბოლო მოვლენების დროს.

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, საპრეზიდენტოსთან ერთად არსი ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.  

„შენების მოძრაობის“ დამფუძნებელი დავით უსუფაშვილი კი შექმნილი ვითარებიდან „ქართულ ოცნებას“ გამოსავალს სთავაზობს. ის ამბობს, რომ კულუარული მართვის რეჟიმიდან უნდა გამოვიდეს ბიძინა ივანიშვილი.

„პარტიის ლიდერმა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ქვეყნის და მთავრობის მართვის თაობაზე. შუალობითი  გზით, ვინმეს მეშვეობით ქვეყნის მართვა ამ კრიზისულ ვითარებაში შეუძლებელია,“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ნინო გოგუაძე გიორგი კვირიკაშვილის გადადგომაში მნიშვნელოვან მოვლენას ვერ ხედავს. „დემოკრატიული მოძრაობის“ პარტიული მდივნის თქმით, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, რადგან ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის სურვილებზე დამოკიდებული. მათ შორის ვადამდელი არჩევნებიც.

„მართვის პრინციპი რომელსაც ემყარება ბიძინა ივანიშვილი და რომელიც არის მისი გემოვნების შესაბამისი არ შეიცვლება ამ ქვეყანაში,“-განაცხადა ნინო გოგუაძემ.  

ბიძინა ივანიშვილს, რომ ხელისუფლებიდან წასვლა მოუწევს ამაზე საუბრობს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის.  ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ უმჯობესია ეს ივანიშვილმა არჩევნების გზით გააკეთოს.

„ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემა ყანყალებს და მას უკვე ვეღარაფერი გადაარჩენს. მას მოუწევს ხელისუფლებიდან წასვლა,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები