დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული მარნეულის მერისთვის პროკურატურა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
რუსთავის სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს პროცესი, რომელზეც თემურ აბაზოვისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. მანამდე კი მარნეულის მერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, რასაც ის არ აღიარებს.
„მოვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოიყენოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. უშუალოდ ვიდეოს გადაღების მომენტში აბაზოვი არ იმყოფებოდა, ხმას რაც შეეხება რთულია იმის თქმა ვის ეკუთვნის ეს ხმა,“- აცხადებს თეიმურაზ აბაზოვის ადვოკატი.
მისი თქმით, დაზარალებული ელჩინ ალახვერდიევი თეიმურაზ აბაზოვზე ნაწყენი იყო. რადგან აბაზოვმა მას თხოვნის მიუხედავად, სამსახური კონკურსის გარეშე არ დააწყებინა.
დაზარალებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უნდა გამოიყენოს, რადგან აბაზოვი გავლენიანი პირია და მან შესაძლოა მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს.