22 დეკემბერი 2024,   10:19
ვრცლად
კავშირები მამაცაშვილსა და ფარცხალაძესთან - მთავრობის ახალი მეთაურის მიმართ კითხვები არსებობს 

მამუკა ბახტაძის გზა პრემიერობამდე სოციალურ ქსელზე გადის, საქართველოს რკინიგზიდან ფინანსთა სამინისტროში გადანაცვლებისთანავე ბახტაძემ საკუთარი თავის სარეკლამო კამპანია, სოციალური ქსელით დაიწყო.

ფოტო მატარებელში, ფოტო საქმიან შეხვედრაზე და ჩაფიქრებული ფოტო კაბინეტში - ეს ყველაფერი "ფეისბუქისა" და "ინსტაგრამის" საშუალებით რეკლამის სახით ვრცელდებოდა.

მოგვიანებით ბახტაძემ განმარტა, რომ საკუთარი პერსონის პოპულარიზაციისათვის თანხებს პირადი ბიუჯეტიდან ხარჯავდა.

ფინანსთა მინისტრად მამუკა ბახტაძემ შვიდი თვე იმუშავა. ინტენსიური სარეკლამო კამპანიის მიუხედავად კი ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა მის შესახებ არაფერი იცის. 

მედიის ყურადღების ცენტრში მამუკა ბახტაძე ბანკების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიით მოექცა, როდესაც პირდაპირ თქვა, რომ ბანკები ქვეყნის ეკონომიკის მთავრი მუხრუჭია. შემდეგი სამიზნე ლომბარდები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები იყვენენ, რომლებსაც ახალი რეგულაციები დაუწესა. მალევე მისი პოლიტიკა ფინანსურ სექტორში ექსპერტებმა პოპულიზმად შეაფასეს.

მწვავე კითხვების ადრესატი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრობამდეც იყო. ეს კითხვები კი საქართველოს რკინიგზაში მისი დირექტორობის პერიოდს და უჩა მამაცაშვილსა და ოთარ ფარცხალაძესთან საეჭვო კავშირებს ეხებოდა.

სამოქალაქო სექტორის ინფორმაციით, რკინიგზის ყოფილი შეფი, რომელიც 200 ათასზე მეტი ხელფასით ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი იყო, სწორედ ივანიშვილის გარემოცვის წევრების მამაცაშვილის და ფარცხალაძის მითითებით მოქმედებდა.

რკინიგზაში მამუკა ბახტაძის დირექტორობის პერიოდის შესასწავლად არ უშვებდნენ სახელმწიფო აუდიტს, ამისთვის მაკონტროლებელს ორი სასამართლო ინსტანცია და დავა დასჭირდა.

ეს მამუკა ბახტაძის გაპრემიერების მესამე მცდელობაა - ჯერ კიდევ ბიძინა 2013 წელს ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ ბახტაძე საინტერესო კანდიდატურა იყო. გზა ივანიშვილამდე ბახტაძეს პარტია "ქართული ოცნების" ლიდერის დეიდაშვილმა უჩა მამაცაშვილმა გაუკვალა. არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით, საქართველოს რკინიგზაში მუშაობის დროს ბახტაძე მამაცაშვილის დასაყრდენი კადრი იყო. მედია აქტიურად წერდა, ბახტაძის პირად ცხოვრებაზეც. მათი ინფორმაციით, ის ივანიშვილის სიმპატიით სარგებლობს და ყოფილი პრემიერი მას სიძედაც ამზადებს. ამ ინფორმაციას თავად ბახტაძემ ჭორი უწოდა.

36 წლის მამუკა ბახტაძე, ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მთავრობში ბიზნესიდან მოვიდა, სადაც წლების განმავლობაში წამყვანი კორპორაციების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

ბახტაძის ოფიციალურ ბიოგრაფიაში რამდენიმე დამალული დეტალია. პორტალ "kavshirebi.ge"-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, 2008-2012 წლებში მამუკა ბახტაძე ჯერ "ცენტრ პოინტის" შვილობილი კომპანიის, “ცენტრ პოინტ ინვესტის” წარმომადგენელი იყო, შემდეგ კი ”ცენტრ პოინტ პლიუსის” დირექტორი. სწორედ ეს პერიოდი იყო "ცენტრ პოინტისთვის" ყველაზე რთული.

გაჩერდა მშენებლობები და 6 ათასზე მეტი ოჯახმა რომელმაც ბინა იყიდა ღია ცის ქვეშ დარჩა. გამოძიებამ დაადგინა, რომ 310 მილიონი დოლარი არამიზნობრივად დახარჯეს.

დღის ამბები