22 დეკემბერი 2024,   10:03
ვრცლად
მარნეულის მერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - შემზარავი საქმის დეტალები

მარნეულის მერს, რომელიც არაადამიანურ მოპყრობაშია ბრალდებული, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თემურ აბაზოვი უკვე საკანში გადაიყვანეს. ბრალდებულის ადვოკატი აბაზოვის გათავისუფლებას 10 ათას ლარიანი გირაოთი ითხოვდა, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა.

მოსამართლის დარწმუნებას სხდომათა დარბაზში თავად აბაზოვიც ცდილობდა. პატიმრობაში მყოფი მერი ამტკიცებდა, რომ კანონმორჩილი მოქალაქეა, გამოძიებას არ გაექცევა და ყველა კითხვას უპასუხებს.

თემურ აბაზოვმა მთავარი კითხვები უპასუხოდ დატოვა და არ ისაუბრა, რატომ შეაფურთხა, სცემა და შარდით სახის დაბანა აიძულა თანაქალაქელ ელჩინ ალახვერდოვს. „ქართული ოცნების“ წევრი ამტკიცებს, რომ მას პროვოკაცია მოუწყვეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომა მხარეებს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამო სახელმწიფო ბრალდებამ დაკავებულის პატიმრობაში დატოვება მოითხოვა, აბაზოვის შესაძლო მიმალვის საფრთხე იყო. პროკურატურა ამტკიცებს, რომ საპატიმროს დატოვების შემთხვევაში შესაძლოა, აბაზოვს მოწმეებზე ზეწოლა მოეხდინა.

როგორც ცნობილია, ელჩინ ალახვერდოვი მარნეულის მერის მხრიდან სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციის შემდეგ გახდა. მას შემდეგ რაც ალახვერდოვმა ბიძინა ივანიშვილს და მერს შეაგინა, მარნეულის მერი ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ შარდით სახის დაბანა აიძულა. კადრები "სტუდია მონიტორმა" გაავრცელა.

ადვოკატის ინფორმაციით, ალახვერდოვს მარნეულის მერი სექსუალური ძალადობითაც ემუქრებოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები