22 დეკემბერი 2024,   10:25
ვრცლად
დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება - ოპოზიციას აინტერესებს, რატომ არ მოუმატეს ხელფასი მეტროს მემანქანეებს

დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება. საკრებულოს სხდომაზე გადაწყდა რომ 10 მილიონიდან ნახევარი მილიონი ლარი სარეზერვო ფონდში გადაირიცხება. გადაწყვეტილებამ ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია.

მათ აინტერესებთ, თუ თბილისის ბიუჯეტის გაზრდა იყო შესაძლებელი, რატომ არ მოხდა გაფიცული მეტროს თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატება.

„სამი დღე მეტრო გამორთეს იმიტომ, რომ თანხები არ გვაქვსო და ამ დროს 72 ათას ლარად ავტომობილს ყიდულობენ და ტენდერი გამოაცხადეს.

ამ დროს ბიუჯეტი გაზარდეს 10 მილიონით, საიდანაც ნახევარი მილიონი წაიღეს სარეზერვო ფონდში, საიდანაც სუბიექტურად კალაძეს წესის გარეშე შეეძლება თავისი აქტივისტებისთვის თანხის გადაცემა,“-აცხადებს საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი.

„ევროპული საქართველოს“ წევრებიც აცხადებენ, რომ თუკი ბიუჯეტი იზრდება და ტრანსფერის გამოყოფაც არის შესაძლებელი რატომ არ ხდება გარკევული სეგმეტის საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდა.

„რატომ არ ვფიქრობთ იმაზე, რაც დიდი ხნის მოთხოვნაა ჩვენი, რომ არამხოლოდ მემანქანეებს, მეტროს თანამშრომლებს, ავტობუსისი მძღოლებს, დასუფთავების თანამშრომლებს, ბაღის თანამშრომლებს, რაც არის მთლიანი საქალაქო მეურნეობა იქ მოხდეს გარკვეული დოზით ხელფასების ზრდა“-აცხადებს საკრებულოს ფრაქცია  ”ევროპული საქართველო - თბილისის” თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი.

საკრებულოს უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სალიკვიდაციო და საკომპენსაციო სამუშაოებისთვის თანხები სწორედ სარეზერვო ფონდიდან გამოიყო, თუმცა დაზარალებულთა დახმარების პროცესი არ დასრულებულა.

დღის ამბები