„მომინახონ ჩემი შვილის მკვლელი, დავწვავ იქაურობას, დავწვავ პოლიციას,“- ეს განცხადება გლდანში მოკლული 32 წლის სერგო მხეიძის დედამ გააკეთა. მზია ოდილავაძე დამნაშავის დასჯას ითხოვს.
„პირველ საათზე გავიდა, სიგარეტს ვიყიდიო. მოვიდა გლდანის პოლიცია, მთელი დღე დამაღამებინეს იქ. ტელეფონზე დამირეკეს, მე-6 გვყავს დაკავებულიო. მივედი, არც ტელეფონი ჩანს და არც ბაღანა. თურმე ჩემი შვილი მკვდარია და მე კიდევ მალაპარაკებენ,“- განაცხადა მზია ოდილავაძემ.
გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი დღეს, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მოკლეს. მას სასიკვდილო ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული.
ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ადგილობრივებმა გლდანის მე-4 მიკრორაიონში იპოვეს. მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია.
სავარაუდოდ, კონფლიქტი სხვა ადგილას დაიწყო, რადგან ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივებს არ აქვთ. გარდაცვლილი ამავე მიკრორაიონის მცხოვრებია.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.