22 დეკემბერი 2024,   07:11
ვრცლად
უცხოელ პარტნიორებთან ერთად გვაქვს შეხვედრები, რათა საკითხი, რომელიც დაზარალებულებს აინტერესებს დროულად იქნას გადაწყვეტილი -"სვეტის" დირექტორი

კომპანია "სვეტის" დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ​ მოშიმშილეების მოთხოვნებს გამოეხმაურა. როგორც ჯანელიძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, მენაშენეების მხრიდან მოყვანილი ციფრები არ შეესაბამება სიმართლეს და სრულიად აცდენილია იმ ციფრებიდან, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია ჩაწერილი.

კომპანიის დირექტორის განცხადებით, არსებობს პროექტები, სადაც ვადებთან ჩამორჩენა არის, მაგრამ არსებობს პროექტებიც სადაც ჯერ კიდევ აქვთ დრო სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად. მისივე თქმით, პროექტში ჩართულები არიან უცხოელი პარტნიორები. ჯანელიძე პროექტის დროულ დასრულებას ვარაუდობს.

თორნიკე ჯანელიძის აზრით, უცხოელ პარტნიორებთან აქტიური შეხვედრების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები ყველა შეჩერებულ ობიექტზე განახლდება. 

„ამ წუთასაც ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად გვაქვს აქტიური შეხვედრები, გავდივართ სწორედ სვეტის საკითხებს, რომ ყველა ეს საკითხი, რომელიც აინტერესებს ჩვენს მომხმარებლებს, ნაწილობრივ დაზარალებულ ადამიანებს იქნას დროულად გადაწყვეტილი და განახლდეს ჩვეული რეჟიმის სამშენებლო სამუშაოები" - განაცხადა „სვეტის“ დირექტორმა.

კითხვას თუ რატომ არ აძლევს კომპანია სვეტი დაზარალებულებს მონიტორინგის განხორციელების უფლებას -ჯანელიძე ამბობს: „როდესაც რეორგანიზაციის ვადა დასრულდება და კონკრეტული სტრუქტურული მიმართულება იქნება ჩამოყალიბებული კომპანიაში, შესაძლებელი იქნება ნებისმიერ ფორმატზე საუბარი“.

თორნიკე ჯანელიძემ ჩაბარების ვადების გადაცილება პროექტების მასშტაბურობას დაუკავშირა. მაისში დასასრულებელი პროექტების დასრულების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, მაგრამ მენაშენეებს ივნისის ბოლოდან ეტაპობრივ განახლებულ სამშენებლო სამუშაოებს ჰპირდება.

„სვეტის“ დირექტორი პარტნიორების გამხელას იურიდიული დოკუმენტების დასრულებისთანავე გეგმავს.

დღის ამბები