ეთიოპიაში ახალი პრემიერ-მინისტრის მხარდასაჭერ აქციაზე აფეთქება მოხდა.
აბი აჰმედი დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ ათასობით მომხრეს სიტყვით მიმართავდა, როდესაც ხალხის მიმართულებით ყუმბარა ისროლეს.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
აფეთქების შემდეგ 42 წლის პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილიდან დაცვის წევრებმა გაიყვანეს.
აბი აჰმედმა სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა და მომხდარი ეთიოპიის ერთიანობის მოწინააღმდეგე ძალების წარუმატებელ მცდელობად შეაფასა.
აჰმედი ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც ორომოს ეთნიკურ ჯგუფს ეკუთვნის. ამ ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ანტი-სამთავრობო აქციებს ეთიოპიაში სამი წლის განმავლობაში ასობით ადამიანი ემსხვერპლა.