22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
დრაკონული კანონი - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელების ინიციატივას აკრიტიკებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებზე შესაძლოა, დისციპლინური პასუხისმგებლობა გავრცელდეს.

აღნიშნულ ინიციატივას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები აკრიტიკებენ.

არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, შეფასებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელების შემუშავების შემთხვევაში, დრაკონულ კანონს მიიღებენ.

ჯანეზაშვილის თქმით, აღნიშნული კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობას ემსახურება.

„ეს არის დრაკონული კანონი, ვინაიდან მათ ექმნებათ დისკომფორტი, მათ ექმნებათ საფრთხეები, როდესაც საჯაროდ გამოგაქვს ყველა ინფორმაცია, რაც საბჭოში ხდება და ამის საპასუხოდ მათ შემოიტანეს ასეთი წინადადება,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ანრი ოხანაშვილი, კი აცხადებს, რომ მსჯელობენ ყველა იმ პუნქტზე, რაც მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება, გახდეს.

„მიდის მუშაობა და მსჯელობა ახლა ორგანული კანონის ფარგლებში ყველა იმ საფუძვლის გაწერაზე, რა საფუძველიც შეიძლება, გახდეს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების საფუძველი. ამ ეტაპზე ჩვენ მსჯელობთ, არის შეთანხმება მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, პუნქტობრივად გავდივართ ყველა შესაძლო საფუძველს და არის ძალიან დიდი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.

დღის ამბები