22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
სკანდალური მასალები - მამა შიო მენაბდის შვილის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დავით სარალიძის სისხლი აღმოჩნდა

მამა შიო მენაბდის შვილის ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე დავით სარალიძის სისხლი აღმოჩნდა. კურიერმა ექსპერტიზის დასკვნა მოიპოვა. 

ერთ-ერთი არასრუწლოვანი დაკითხვისას პირდაპირ მიუთითებდა, რომ მღვდლის შვილი დაჭრილი იყო, რის გამოც იმ ღამით მასთან დარჩა და სახლში არ წავიდა. მისივე ჩვენებით, გ.მ-ს ტანსაცმელიც სისხლიანი ჰქონდა.

სასამართლოს განაჩენში ყურადღება გამახვილებული არ არის ერთ-ერთი მოზარდის დაჭრის ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ მამა შიო მენაბდის შვილის დაჭრის შესახებ სასამართლოში არაერთმა მოწმემ ისაუბრა.

მოზარდების მკვლელობის საქმესთან პირდაპირი კავშირის არქონის გამო, განაჩენში განხილული არ არის ამ დაჭრილი მოზარდის ექსპერტიზის დასკვნა.

დასკვნით ირკვევა, რომ მამა შიო მენაბდის შვილს სამედიცინო ექსპერტიზა მომხდარიდან 11 დღის შემდეგ ჩაუტარდა. გამოკვლევისას მან ექსპერტებს უთხრა, რომ ხორავას ქუჩაზე ჩხუბის დროს ზურგში, სავარაუდოდ, დანა ჩაარტყეს. ვინ მიაყენა მღვდლის შვილს ჭრილობა, პროკურატურას დადგენილი არა აქვს. 

ასევე ცნობილი ხდება, რომ პროკურატურის დაკავებული მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, შვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის მონაწილე იყო.

რამდენიმე მოზარდი სასამართლოზე დაკითხვისას ყვებოდა, რომ ა.ს.-ც ჩხუბობდა და რამდენიმე კლასელთან ერთად, საპირფარეშოს ინცინდენტის ერთ-ერთ მონაწილეს სცემდა.

მირზა სუბელიანის შვილის და სხვა მოზარდების მონაწილეობა ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოძიების მიერ არც სასამართლო განხილვებამდე და არც შემდეგ სამართლებრივად შეფასებული არ არის.

კურიერს ხელში ჩაუვარდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც ჩანს, როგორ გარბიან ორი მოზარდის მკვლელობის შემდეგ დანაშაულის ადგილიდან ახალგაზრდები. კადრებში ბევრი მოზარდი ჩანს, თუმცა, მათი დიდი ნაწილის ვინაობა დადგენილი არ არის.

ცნობილია, რომ გ.მ. სასამართლოსთვის ერთ-ერთი სანდო მოწმეა. მოწმე გ.მ. ერთ-ერთია, ვისზე დაყრდნობითაც სასამართლომ უტყუარად მიიჩნია ის ფაქტი, რომ უკვე მსჯავრდებულმა გ.ჯ-მ დანით დავით სარალიძეს რამდენიმე ჭრილობა გულ-მკერდის და მუცლის არეში მიაყენა, თუმცა, საქმეში არსებული სხვა მასალებით ასევე დაადგინა, რომ გ.ჯ-ს მიყენებული ჭრილობები სასიკვდილო არ ყოფილა. სწორედ ამიტომ შეუცვალა მოსამართლემ გ.ჯ-ს ბრალდების კვალიფიკაცია და მას სასჯელი არა მკვლელობისთვის, არამედ მცდელობისთვის მისცა.

სასამართლოსთვის მოწმე გ.მ. ერთ-ერთი სანდო პირია ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილშიც. თუმცა, მოსამართლეს იმის დასტურად, რომ ლევან დადუნაშვილს სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები უკვე მსჯავრდებულმა გ.ბ-მ მიაყენა, დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული მირზა სუბელიანის შვილის ჩვენებაც მოჰყავს.

დადუნაშვილის მკვლელობის შესახებ რადიკალურად განსხვავებული ინფორმაცია მისცა მოსამართლეს ბრალდებულმა გ.ბ-მ. თითქმის 6-თვიანი დუმილის დარღვევის შემდეგ მან სასამართლოში გამოთქვა ვარაუდი, რომ ლევან დადუნაშვილისთვის სასიკვდილო ჭრილობა შესაძლოა, სწორედ მოწმე გ.მ-ს მიეყენებინა, რომელიც მანამდე ფარდულში დავით სარალიძის ინციდენტშიც მონაწილეობდა და მას რაღაც ნივთს ურტყამდა.

სასამართლო განაჩენში უთითებს, რომ უკვე მსჯავრდებულ გ.ბ-ს ეს ჩვენება წინააღმდეგობაშია სხვა მოწმეების მონაყოლთან, მათ შორის ა.ს-სთან და გ.მ-სთან, რის გამოც ის არ გაიზიარა.

სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის ოქროს მოწმის - მიხეილ კალანდიას, ჩვენება.

მოწმე კალანდიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით ჩვენება 5-ჯერ შეცვალა, აქედან ორჯერ სასამართლოში. საქმის მასალებით ის იყო ერთადერთი პირი, ვინც დავით სარალიძის მკვლელობაში არასრულწლოვან გ.ბ-ს ამხელდა. მოსამართლე ეკა არეშიძე განაჩენში კალანდიას ჩვენებას აფასებს, როგორც არასანდოს.

 

დღის ამბები