22 დეკემბერი 2024,   10:32
ვრცლად
ბამბუკის სახლი - კახაძეებს სახელმწიფომ 10 ათასი ლარი გამოუყო, გამგეობის თანამშრომელმა კი თანხა საკუთარ იდეას მოახმარა

ხულოში კახაძეების ოჯახს, დანგრეული სახლის ნაცვლად, ახლის შესაძენად სახელმწიფომ 10 ათასი ლარი გამოუყო. გამგეობის თანამშრომელმა კი ბამბუკის სახლის აშენება დაიწყო.  

მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, კლარა კახაძისთვის სოფელმა სახლი მოძებნა, 4000 ლარი შეაგროვა და დარჩენილი თანხის დაფარვა ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვა. 2015 წელს კახაძეებს ახალი სახლის შესაძენად ხულოს მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან 10 ათასი ლარი გამოუყო. თუმცა, ეს თანხა არა სახლის შეძენას, არამედ საკრებულოს უკვე ყოფილი წევრის, თამაზ ლომიძის, იდეის განხორციელებას მოხმარდა.

მან ბამბუკის სახლი დააპროექტა. დეპუტატმა, სახლის ასაშენებლად მუნიციპალიტეტიდან გაცემული 10 ათასი ლარის გარდა, სოციალურად დაუცველი კაახძეების ოჯახისგან დამატებით 1000, სოფლისგან კი 4000 ლარი მიიღო, თუმცა, მშენებლობა არ დაასრულა.

თამაზ ლომიძემ ბამბუკების სახლის აშენების ნებართვა კახაძეებისგან მიიღო. კლარა კახაძე ამბობს, რომ მის ქმარს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და საკრებულოს მაშინდელმა წევრმა ოჯახს ხელი მოტყუებით მოაწერინა.

თამაზ ლომიძე ადასტურებს, რომ მან მუნიციპალიტეტისა და სოფლისგან ჯამში 16 ათასი ლარი მიიღო, რაც მშენებლობის პროცესში უკვე დაიხარჯა.

ბამბუკის სახლის ასაშენებლად დამატებით თანხის დაფინანსებას სოფელი აღარ გეგმავს. სოფლის კრების გადაწყვეტილებით, ლომიძემ შეგროვებული 4 ათასი ლარი სოფელს უკან უნდა დაუბრონოს, ისინი კი კახაძეებს ახალ სახლს უყიდიან.

ხულოს ოპოზიციაში ამბობენ, რომ ლომიძემ თანხა მიითვისა და ამაში მას მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური სამსახურის უფროსიც ხელს უწყობდა.

შესაძლო თაღლითობის ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. კახაძეებმა საქმით დაინტერესების მოთხოვნით მთავარ პროკურატურასაც მიმართეს.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

 

დღის ამბები