22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სერგი კაპანაძის ინიციატივას შეფასებები მოჰყვა

51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის საქმეზე შექმნილ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებამდე დეპუტატ სერგი კაპანაძის გაკეთებული განცხადება შეაფასეს.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ გუშინ აღნიშნა, რომ საჭიროა, ცალკე გამოიყოს მკვლელობის საქმეს ერთ-ერთი მოზარდის სხეულზე მიყენებული დაზიანების საქმე. სერგი კაპანაძის აზრით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს მ.კ.

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ერთ-ერთი მოზარდის სხეულზე მიყენებული დაზიანების საქმე ცალკე საქმედ უკვე არის გამოყოფილი. ასევე, მან აღნიშნა, რომ მ.კ.-სთან მიმართებაში დანაშაული არ იკვეთება.

„რაც შეეხება გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც შეეხებოდა ერთ შემთხვეაში კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის - ,გ.მ.-ს დაზიანებასთან დაკავშირებით საქმის გამოყოფას, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც გამოყოფილი იქნა ძირითადი ანუ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმიდან. რაც შეეხება მიხეილ კალანდიას პასუხისმგებლობას დანაშაულებრივ ქმედებაში, ვადასტურებ, რომ კონკრეტული პირის თანამონაწილეობა გამოძიების სტადიაზე, ასევე სასამართლო განხილვის სტადიაზე არ გამოკვეთილა. თუ რატომ აკეთებს ბატონი სერგი ხსენებულ განცხადებას, ვერ მოგახსენებთ. პირველი პირის გამოკითხვა არ არის დასრულებული და კომისიამ უკვე გადაწყვეტილება მიიღო. მარტივი და ბუნებრივია, ისმის კითხვა, რა საჭიროა მაშინ სხვა პირების გამოკითხვა კომისიის სხდომაზე, თუ კომისიამ უკვე მიიღო ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.  

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს, მიაჩნია, რომ სერგი კაპანაძის მხრიდან გამოთქმული ინიციატივები იყო ნაადრევი.

„ყველა სიტყვა, ყველა წინადადება, რომელიც გახმოვანდა საგამოძიებო კომისიის წინაშე, უნდა იქნას გადამოწმებული, დეტალურად შესწავლილი კომისიის ფარგლებში, თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები იქნება ძალიან საინტერესო, მათთან გვექნება უამრავი კითხვა,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სერგი კაპანაძის შეფასებით კი, საქმესთან დაკავშირებით პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოქმედებები დაგვიანებულია.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

 

დღის ამბები