22 დეკემბერი 2024,   09:59
ვრცლად
ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სია - საოკუპაციო რეჟიმის 33 წარმომადგენელი სანქციებს დაექვემდებარება

ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სიის სათავეში არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულები, დავით გურწიევი და ალეკ ტაბოევი არიან. სიაშია გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის გასამართლებული რაშიდ კანჯი ოღლუც. სიაში იმ 33 ადამიანის გვარია, ვინც ბოლო 27 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს იტაცებდა, კლავდა ან აწამებდა. 

საოკუპაციო რეჟიმის 33 წარმომადგენლის სიაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მუშაობდა. ყველა პირი, რომელიც ჩამონათვალში მოხვდა, არის მსჯავრდებული ან ბრალდებული.

შავ სიაში მოხვედრილები სანქციებს დაექვემდებარებიან. საქართველოს ხელისუფლების გეგმების მიხედვით, პარტნიორი ქვეყნების დახმარებით მათ შეეზღუდებათ თავისუფლად გადაადგილება და საზღვრების გადაკვეთა. ასევე, გარკვეული ფინანსური საქმიანობა და საბანკო ოპერაციები. 

მთავრობამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის შავი სია დასამტკიცებლად პარლამენტს დღის ბოლოს გადაუგზავნა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი ახლა საერთაშორისო პარტნიორების დარწმუნებაა, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა წინააღმდეგ სანქციებს მაქსიმალურად ბევრი ქვეყანა შეუერთდეს.

საპარლამენტო ოპოზიციას იმედი აქვს, რომ ხელისუფლება პარტნიორი ქვეყნების მობილიზაციას შეძლებს და შავ სიაში მოხვედრილთა ნაწილი სრულ იზოლაციაში, ნაწილი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდება. თუმცა, პოლიტიკური ოპონენტები მიიჩნევენ, რომ სია გაცილებით ვრცელი უნდა იყოს და მასში დანაშაულის შემსრულებლების გარდა, მისი დამკვეთიც, საოკუპაციო რეჟიმის შემოქმედებიც უნდა ხვდებოდნენ.

 

დღის ამბები