22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
ოთარ კახიძის თქმით, მიხეილ კალანდიას მიმართ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა

ევროპული საქართველოს წევრი, საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის წევრი, ოთარ კახიძე, ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების მიზნით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლების დაკითხვის შესახებ არჩევანის ეთერში საუბრობს.

ოთარ კახიძის თქმით, საკმაოდ ბევრ კითხვაზე ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს პასუხები არა აქვთ. კახიძის განცხადებით, საკმაოდ ბევრი ხარვეზი იკვეთება საქმეში.

„როდესაც ეს დანაშაული მოხდა, რა ნაბიჯებიც უნდა გადაედგა დაუყოვნებლივ საგამოძიებო უწყებებს, ეს ნაბიჯები არ იქნა გადადგმული, არ ამოიღეს, მაგალითად, ვიდეოკამერის ჩანაწერები დაუყოვნებლივ და ამ ჩანაწერებზე ძალიან გარკვევით, ძალიან ნათლად ჩანს, პრაქტიკულად, ყველა ფიგურანტი, რომელიც კამერების წინ ჩამოივლიან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი თქმით, თუ რატომ არ გამოითხოვეს ვიდეოჩანაწერები სამართალდამცავებმა, შსს-ს წარმომადგენელი, კახა სირაძე პასუხობს, რომ არ იცოდნენ, რა იქნებოდა ჩანაწერებში და რატომ უნდა გამოეთხოვათ.

ოთარ კახიძე თვითმხილველების გამოკითხვაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სერიოზული ხარვეზი იკვეთება, როდესაც პირველ დღეს სამი მოწმის დაკითხვის შემდეგ მომდევნო 15 დღის განმავლობაში თვითმხილველთა დაკითხვა ჩერდება.

კახიძის თქმით, პირველ დღეს მხოლოდ სამი თვითმხილველი იკითხება, რომლებიც ფასეულ ინფორმაციას აწვდიან გამოძიებას, თუმცა, შემდეგი 15 დღე თვითმხილველების დაკითხვა წყდება.

„ერთ-ერთი მთავარი დამთხვევა, რაც ჩნდება, არის ის, რომ ბოლო ამ სამიდან მესამე თვითმხილველი დაკითხვას ასრულებს 19:30 საათზე და 19:40 წუთზე იწყება მირზა სუბელიანის შვილის დაკითხვა. მირზა სუბელიანი თავის შვილთან ერთად მიდის დაკითხვაზე და იქიდან მოყოლებული 15 დღის განმავლობაში გვაქვს პაუზა თვითმხილველების დაკითხვის და ეს ძალიან ჰგავს, რომ 15 დღის განმავლობაში, შესაძლოა, ვინმე ამ საქმეს, ასე ვთქვათ, ალაგებს,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

კახიძის განცხადებით, დაკითხვის შესახებ ორკვირიან პაუზაზე სამართალდამცავებმა უპასუხეს, რომ ოპერატიულ სამუშაოებს აწარმოებდნენ.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის თქმით, სამართალდამცავებმა კონფლიქტის მონაწილეების ტელეფონები არ შეამოწმეს და კითხვაზე, რატომ არ ამოიღეს ტელეფონები, სამართალდამცავები პასუხობენ, რომ ოპერატიული სამუშაოების განსახორციელებლად დაუტოვეს კონფლიქტის მონაწილეებს მობილური ტელეფონები, თუმცა, მათ მოსმენა არ განუხორციელებიათ.

„გვპასუხობენ, რომ მიგვეცა საშუალება, რომ ერთმანეთში ელაპარაკათ და ოპერატიული მოსმენები გაგვეკეთებინა და გააკეთეთ მოსმენები? ჩართეთ ტელეფონები? არა, არ ჩაგვირთავს. ტელეფონები არ ჩაურთავთ,“ - განაცხადა კახიძემ.

ოთარ კახიძე პროკურატურის ვერსიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ ორ დაჭრილზე საუბრობენ მაშინ, როდესაც საქმეში დევს, რომ კიდევ არის ხორავას ქუჩაზე მესამე დაჭრილი. კახიძის თქმით, მესამე დაჭრილს ექსპერტიზა დაგვიანებით ჩაუტარდა, რის გამოც, ძნელი იყო მომხდარის დადგენა.

„სინამდვილეში, ორ დეკემბერსვე იცის სახელმწიფომ, რომ დაჭრილი არის პირი, რომელსაც მალავენ. ამაზე გვიპასუხეს, რომ არ გვეცალა, მანამდე ბევრი საქმე გვქონდა და 12-მდე სხვა საქმეებით ვიყავით დაკავებული და ექსპერტიზა იმიტომ ვერ ჩავატარეთ,“ - განაცხადა კახიძემ.

ევროპული საქართველოს წევრმა აღნიშნა, რომ პროკურატურის ვერსიით, დავით სარალიძეს ფარდულში ჭრილობებს ორი პირი აყენებდა, ხოლო მესამე პირი, მიხეილ კალანდია აკავებს და ურტყამს დავით სარალიძეს.

კახიძისთვის გაუგებარია, რატომ არ ედავება გამოძიება პროკურატურის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, მიხეილ კალანდიას დანაშაულში თანამონაწილეობას.

კახიძის თქმით, მიხეილ კალანდიას მიმართ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. 

დღის ამბები