22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
"არაფერი მომხდარა, არაფერი არ უნახავთ... მძიმე სურათია" - კომისიის წევრებმა მოზარდების მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანების გამოკითხეს

„მძიმე სურათია“-ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა სალომე ზურაბიშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანების გამოკითხვის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, მოზარდებმა კომისიას არ მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მათ განაცხადეს, რომ საპირფარეშოში არაფერი მომხდარა.

„დღევანდელი ჩვენებიდან მძიმე სურათია... საპირფარეშოში არაფერი არ მომხდარა და ყველა მეგობრები არიან და ყველა კარგად არიან ერთმანეთში. დაჭრის მომენტი არ უნახავთ სხვადასხვა მიზეზის გამო. ხან "კაპიუშონი" მაქვს თავზე ჩამოფარებული და ვერაფერს ვერ ვხედავ... ხან მომხვდა იდაყვი, გავითიშე და ვერაფერს ვერ ვხედავ. ძირითადად ახლა დეტალებში აღარ შევალ, მაგრამ ძირითადად ეს არის სურათი, რომელიც იხატება, რომ საკვანძო მომენტები არ მინახავს,“- განაცადა სალომე ზურაბიშვილმა.

არასრულწლოვანებისგან მიღებული ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს იკავებს საგამოძიებო კომისიის წევრი მმართველი გუნდიდან. თუმცა ანრი ოხანაშვილიც ადასტურებს, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოზარდებისგან კომისიას არ მიუღია.

„რაიმე მნიშვნელოვანი სიახლე ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ზოგიერთი მათგანი აღწერს კონკრეტულ ფაქტებს, თუმცა შემდგომ ამბობს, რომ ვერ ხედავდა და აქვს თავისი ახსნა თუ რატომ ვერ ხედავდა. ეს ყველაფერი ჩვენ  უნდა შევაჯეროთ და შევაპირისპიროთ ჩვენებებთან. ახლა ამ ეტაპზე დამატებით ანალიზს აქ ვერ გავაკეთებთ,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ორი არასრულწლოვანის გამოკითხვა ამ დროისთვის დასრულებულია. კომისიის წევრებმა იმ მოზარდებს მოუსმინეს, რომლებიც სისხლიანი დაპირისპირების დროს, 2017 წლის პირველ დეკემბერს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ და მომხდარის უშუალო თვითმხილველები არიან. 

დღის ამბები