22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
პროცესი არ დამთავრებულა - საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე

მთავრობის შემადგენლობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. „კურიერის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, მხოლოდ 3 მინისტრი იცვლება.

მინისტრობის ახალ სავარაუდო კანდიდატებთან დაკავშირებით ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი და გიორგი კვირიკაშვილის მეგობარი, ბიძინა გეგიძე ამბობს, რომ ის პროცესის დასრულებას ელოდება, რომელიც ჯერ მიმდინარე ფაზაშია.

„წინასწარ საერთოდ არ მჩვევია ლაპარაკი. დამთავრდეს ჯერ პროცესი. ჩემთვის სულ სხვა პრიორიტეტებია, მთავარი არის შედეგი. აქედან გამომდინარე, პროცესი არ დამთავრებულა, პროცესი არის ფაზაში ჯერ,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ის ოპოზიციის იმ შეფასებაზე, რომ ცვლილებები, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა, გიორგი კვირიკაშვილის გაშვებას ემსახურებოდა, ბიძინა გეგიძე ამ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„კითხვა არის არარელევანტური, როგორც ხშირად არის. არ მოვიაზრები, ვიყავი და ვარ კვირიკაშვილის მეგობარი,“- აღნიშნა გეგიძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი გუგული მაღრაძე კი პრემიერ მამუკა ბახტაძეს სრულ ნდობას უცხადებს.

„ჩვენი სისტემა ესეთია, რომ ჩვენ ვენდობით პრემიერმინისტრს და ვინც პრემიერმინისტრს მიაჩნია, რომ კარგად იმუშავებს იმ ამოცანების და მიზნების შესასრულებლად, რაც მის წინაშე დგას, ჩვენ იმათაც ვენდობით,“ - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ მთავრობის შემადგენლობის დასახელება პრემიერმინისტრის უფლებაა და ის თავად დაასახელებს იმ კანდიდატურებს, ვისთანაც სურს მუშაობის გაგრძელება.

„ის, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა საპარლამენტო უმრავლესობასთან, ამაზეც ჩვენ გვისაუბრია. თუმცა ამ ყველაფრის კოორდინაცია, ამ ყველაფრის წარმართვა იყო უშუალოდ ბატონი მამუკა ბახტაძის კომპეტენცია და იგი მართავდა ამ პროცესს,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის გაერთიანებული სამინისტროს მინისტრის პორტფელს, სავარაუდოდ, მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს. მიხეილ ჩხენკელის შემცვლელი ამ დროისთვის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორია. ფინანსთა მინისტრად ვანო მაჭავარიანი სახელდება.

ეკონომიკის მინისტრის პორტფელს, სავარაუდოდ, ჩაიბარებს  ექიმი კარდიოლოგი, გიორგი ქობულია, რომელიც მოსკოვში საქმიანობს. მამუკა ბახტაძე, მთავრობის შემადგენლობას სავარაუდოდ, ხვალ ოფიციალურად დაასახელებს.  

სავარაუდოდ, კაბინეტის ძირითადი შემადგენლობა, მათ შორის ძალოვანები და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პოსტებს ინარჩუნებენ.

 

დღის ამბები