22 დეკემბერი 2024,   09:55
ვრცლად
1200 გვერდიდან 80 გვერდამდე შემცირებული თბილისის გენგეგმა - ხმაური საკრებულოს სხდომაზე 

საკრებულოს სხდომაზე თბილისის გენერალური გეგმის განხილვას ხმაური მოჰყვა. გენგეგმაზე მსჯელობა ოპოზიციამ მოითხოვა. საკითხი სხდომის დღის წესრიგში არ ყოფილა, თუმცა ოპოზიციამ გენგეგმის 1200-დან 80 გვერდამდე შემცირება გააპროტესტა.

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ გეგმიდან ამოღებულია ბევრი დეტალი, მათ შორის სარეკრეაციო ზონები და სატრანსპორტო პრობლემები.

„1200 გვერდიდან დატოვეთ 80 გვერდი, გამოშიგნეთ მთლიანი გეგმა და ახლა აპირებთ, რომ მიიღოთ ასეთი სახით და მერე თქვათ, რომ თურმე გენერალური გეგმა გაქვთ,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა.

უმრავლესობა ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და მათ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

„ბატონ ლევანს წარმოდგენა არ აქვს, რაზე საუბრობს. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ის 1200 გვერდი წაკითხული თუ გქონდათ? 1200 გვერდი წაიკითხეთ ხომ? ბოდიში და გაგებაში არ ხარ გენერალური გეგმა რას ნიშნავს. როდესაც გენერალური გეგმა არ არის მარტო ის 80 თუ 100 გვერდი, რომელიც წარმოადგინეს. მას ახლავს თან 7 თემატური რუკა. თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, მათ შორის გამწვანებასთან დაკავშირებით, უნდა ჩახედოთ იმ თემატურ რუკებსაც,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა გეგმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ გვერდების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელოვანია თუ რა წერია შიგნით.

სხდომაზე კომენტარი გააკეთა  თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა.

„ჩვეულებრივ მოკვდავთათვის ნამდვილად იღებთ გენერალურ გეგმას, მაგრამ ნეპოტისტური კორუფციული და პოლიტიკური ანგაჟირებული ადამიანებისთვის აკეთებთ სპეციალურ ზონალურ შეთანხმებას,“ - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

დღის ამბები