22 დეკემბერი 2024,   09:58
ვრცლად
სოფელს რომ ჩაეგდო ეგ ხელში, აქვე გავასამართლებდით - ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის დეტალებზე საუბრობენ

სმიტების მკვლელობა ხადას ხეობაში - ადგილობრივები იმ დღეებს იხსენებენ, როდესაც ხეობაში ამერიკელი ოჯახის გაუჩინარების შესახებ გაიგეს. მოსახლეობა ამბობს, რომ, როდესაც ბრალდებული მწყემსი შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მიიყვანეს, მან განმარტა, რომ ოჯახს სოფელ წკერედან 1 კმ-ს მოშორებით შეხვდა და მას სმიტებმა ჩანჩქერამდე მიცილება სთხოვეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სმიტებს, გამცილებელთან ერთად, ადგილზე მისაღწევად დაახლოებით 1.30 საათი და 2 საათი დასჭირდებოდათ. მას შემდეგ, რაც ოჯახის დაკარგვის შესახებ გახდა ცნობილი, სამძებრო სამუშაოებში მწყემსი თავისი სურვილით ჩაერთო, რომელმაც მალევე თქვა, რომ ქალის ცხედარი იპოვა. მოსახლეობა ყვება იმასაც, რომ მწყემსმა თავად დარეკა პოლიციაში.

„აქ დაურეკეს, კონტაქტზე აღარ გამოდიანო. საკონსულოდან დაურეკია, რომ კავშირზე არ გამოდიან ჩვენთანო. გამგებელმა დაურეკა წკერეში გელას თუ ვიღაცას. იმ ბიჭს რომ გამოუხედია, მანქანა იდგა. იმან დაურეკა, რომ მანქანა დგას, მაგრამ ეგენი არ არიანო. მერე ეგ მწყემსი, რომელმაც ჩაიდინა ეგ მაიმუნობა, ამას უთქვამს, რომ ბარემ ნახეო, ხომ მიდიხარ იქითო და მერ დაურეკია იმას, რომ ცუდი ამბავი არის, გვამი ვნახეო,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა, ჯემალ ბენიანიძემ და აღნიშნა, რომ ბრალდებული შეგნებულად გადაადგილდებოდა სოფელში ყველას დასანახად, რომ მასზე ეჭვი არ აეღოთ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამართალდამცავებმა ეჭვი მას შემდეგ აიღეს, რომ საქმე უბედურ შემთხვევასთან არ ჰქონდათ, როცა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მას დაზიანებები აღენიშნებოდა.

მოსახლეობა ყვება, რომ მწყემსის მიმართ ადგილობრივები აგრესიულები იყვნენ, რადგან "მან მთელ სოფელს თავი მოსჭრა".

„როგორც ასეთი, რომ აქ ვიღაცამ ჩამოკიდა და რაღაც ეგეთი არ ყოფილა. სოფელს რომ ჩაეგდო ეგ ხელში, მილიციას ვინ გადასცემდა, აქვე გავასამართლებდით ჩვენ,“ - განაცხადა ჯემალ ბენიანიძემ. 

სოფელში ყვებიან იმასაც, რომ მკვლელობა შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კამათი კი რაიან სმიტსა და მალხაზ კობაურს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალს ფეხი დაუცდა, მწყემსმა კი ხელი შეაშველა. მისი ეს მოძრაობა, როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, ქალის მეუღლემ გააპროტესტა, რაც შელაპარაკების მიზეზი გახდა. ხადას ხეობაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ მალხაზ კობაური უკან გაბრუნდა, თოფი აიღო და ოჯახს გაუსწორდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები