22 დეკემბერი 2024,   10:18
ვრცლად
მე, ფაქტობრივად, მედავებიან სხვა პირის თეფშიდან საკვების მიღებას - ზვიად კუპრავა ბრალის დამძიმების შინაარსს განმარტავს

ზვიად კუპრავას დამძიმებული ბრალი - სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის  ხელმძღვანელს ორი წლით პატიმრობა ემუქრება. ზვიად კუპრავასთვის წარდგენილ ბრალში წერია, რომ მან უპატივცემულობა გამოხატა მოსამართლის მიმართ.

ზვიად კუპრავა ამბობს, რომ სამართლებრივი განმარტება შემდეგნაირია, რომ სანამ ის თავის თეფშიდან ჭამდა საჭმელს, ეს კანონიერი იყო, მაგრამ როცა სხვის ულუფაზე გადავიდა, ეს მოსამართლის მიმართ უპატივცემულობად ჩაითვალა.

„ნამდვილად არ ვიცი, რას მედავებიან, სამართლებრივი ახსნა ამას არა აქვს, მაგრამ მოახერხეს და ეს ახსნეს პროკურორებმა. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ პოლიციის მუშაკთა არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღებაო. მე, ფაქტობრივად, მედავებიან სხვა პირის თეფშიდან საკვების მიღებას, რაშიც გამოიხატა მოსამართლის მიმართ უპატივცემულობა,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის მსვლელობისას, როდესაც მან მოითხოვა დრო იმისთვის, რომ მტკიცებულებები ამოეღო რუსთაველის გამზირიდან, რომელიც აქციის მონაწილეების და მის დაკავებას შეეხებოდა, მოსამართლემ ამისთვის ერთი საათი მისცა. კუპრავას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ერთი საათი მისთვის საკმარისი არ იყო, ჩავიდა სასამართლოს სასადილოში, რა დროსაც მოხდა ინციდენტი მასსა და სამართალდამცავებს შორის.

ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ სასადილოში ჩასვლამდე ის რამდენიმე არხს ჩაერთო პირდაპირ ეთერში, სადაც მწვავე განცხადებები გააკეთა. მისი თქმით, სწორედ ეს აღმოჩნდა შს მინისტრისთვის გამაღიზიანებელი და ამიტომ მოსთხოვეს მას სასამართლო დარბაზში დაბრუნება.

მისი თქმით, მან მოთხოვა პოლიციელებს მოსამართლის დადგენილება, რის საფუძველზეც ის უნდა დაბრუნებულიყო სასამართლო დარბაზში და ამასთან, მისი უკან დაბრუნების უფლებამოსილება ჰქონდათ მანდატურებს და არა სამართალდამცავებს.  

ზვიად კუპრავას შეფასებით, მის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა ხელისუფლების მცდელობაა, რომ ის მიმდინარე პროცესებს ჩამოაშოროს.

„ეს არის, რა თქმა უნდა, ხელისუფელბის გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩემი შეკავება მოხდეს და ჩამოშორება მოხდეს იმ პროცესებიდან, რისი მონაწილეებიც გახლდით,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ. 

 

დღის ამბები