22 დეკემბერი 2024,   06:34
ვრცლად
შრომის უსაფრთხოებაზე სწორი პოზიცია გვქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ სწორი ზომების მიღების საშუალება არ მოგვცა - კობახიძე

შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ყოველთვის გვქონდა სწორი პოზიცია, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ სწორი ზომების მიღების საშუალება არ მოგვცა - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტში მინდელის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტრაგედიის შეჩერების მიზნით მთავრობასთან კონსულტაციები ძალიან მალე დაიწყება.

რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მინდელის შახტაში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

„ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს. დაიღუპა 4 მეშახტე, რაც არის ტრაგიკული მოვლენა თითოეული ჩვენგანისთვის. მინდა, მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ტყიბულელებს, სრულიად საქართველოს. ეს ტრაგიკული შემთხვევა არის თითოეული ჩვენგანის ტკივილი და ასევე, მინდა, მოგახსენოთ, რომ არის კონკრეტული ზომები მისაღები იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები არ განმეორდეს. მე მინდა, აღვნიშნო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობას ჰქონდა ყოველთვის სწორი პოზიცია. თქვენ გახსოვთ ჩვენი პოზიცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, თქვენ გახსოვთ ჩვენი კომისია საპარლამენტო მუშაობის პროცესში, თუმცა, მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის ხისტმა პოზიციამ ჩვენ არ მოგვცა სწორი ზომების მიღების საშუალება და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება, რაც არის სამწუხარო და ეს საჭიროებს სასწრაფო ცვლილებას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კოახიძის თქმით, პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება მოიწონა, რომლის მიხედვითაც შახტში მუშაობა შეჩერდება.

„მე მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა პრემიერმინისტრმა, ბატონმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც მიიღო პრინციპული და ძალიან სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება შახტის დახურვის თაობაზე, ვიდრე არ იქნება გამოძიებული ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ამ ტრაგიკულ მოვლენებთან, თუმცა, ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა დავიწყოთ კონსულტაციები დღესვე მთავრობასთან იმისთვის, რომ მიღებულ იქნას ძალიან ქმედითი ზომები იმისთვის, რომ ასეთი ტრაგიკული შემთხვევები არ განმეორდეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მთავარი ღირებულება უნდა იყოს ადამიანი. 

„ჩვენ 2012 წელს დავუპირისპირდით ბევრ რამეს, რაც არ მოგვწონდა წინა ხელისუფლებაში და ერთერთი ეს იყო ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას. ასეთი მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ მთავარ ღირებულებას, რომელზეც ჩვენ ვაფუძნებთ ჩვენს პოლიტიკას - ეს არის ადამიანი. ადამიანი უნდა იყოს მთავარი ღირებულება ჩვენს პოლიტიკაში და ამას პირდაპირ უპირისპირდება ყოველგვარი ლიბერტარიანული მიდგომა, რომელიც შეიძლება იყოს გამოვლენილი, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების სფეროში. ეს არის პირადად ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი და უნდა გაკეთდეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს მიდგომა რადიკალურად შეიცვალოს და განხორციელდეს კონკრეტული ცვლილებები შრომის უსაფრთხოების სათანადოდ დასაცავად ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ძალიან პრინციპული მნიშვნელობის საკითხი,“- განაცხადა კობახიძემ.

დღის ამბები