22 დეკემბერი 2024,   10:07
ვრცლად
„ეს გაერთიანება არ ნიშნავს რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებებს და ხალხის გაშვებას" - თეა წულუკიანი საკადრო ცვლილებებზე

ე.წ მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას, რომელსაც, ხელისუფლების განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯები უნდა დაეზოგა, შტატების შემცირება მოჰყვა. ცნობილია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, სამუშაოს გარეშე დარჩებიან განათლების სამინისტროს თანამშრომლები, ამჟამად  მათი რაოდენობა უცნობია.

განკარგულება სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც წერია, რომ რეორგანიზაციას შესაძლოა, შტატებისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების შემცირებაც მოჰყვეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, მასშტაბურ საკადრო ცვლილებებს გამორიცხავს და აცხადებს, რომ, თუკი მოხდება რაიმე სახის ოპტიმიზაცია, ეს იქნება მინიმალური მასშტაბის და თანამშრომლების ნება-სურვილის შესაბამისი.

„ეს გაერთიანება არ ნიშნავს რაიმე ტიპის საკადრო ცვლილებებს და ხალხის გაშვებას რომ ეძახიან. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ორივე სამინისტროში არის ძალიან მდიდარი და მნიშვნელოვანი რესურსი და ჩვენ ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს რესურსი, რომ ყველას ჰქონდეს თავისი ან იგივე პოზიცია იმისთვის, რომ ქვეყნისთვის კიდევ  უფრო აქტიურად აკეთოს საქმე,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, აცხადებს, რომ სამსახურები, რომლებიც არასპეციფიური არის, შეიძლება, შემცირება მოხდეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, სოზარ სუბარი, აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციების შედეგად, ძირითადი ნაწილი ადამიანებისა, რომლებიც პროფესიონალები არიან, იპოვნიან ადგილს აღნიშნულ სტრუქტურებში ან სხვაგან.

„ძირითადი ნაწილი უერთდება ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა, რაღაც ნაწილი - მშენებლობების ნაწილი გადადის ინფრასტრუქტურაში, რაღაც ნაწილი გადადის შერიგების სამინისტროში და რაღაც ნაწილი შინაგან სამინისტროში და სწორედ ამაზეა ეხლა ლაპარაკი, სად რამდენი თანამშრომელი წავა,“ - აცხადებს სოზარ სუბარი. 

დღის ამბები