20 აპრილი 2024,   14:38
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის გამოძიების ახალი დეტალები - თბილისის ყოფილმა პროკურორმა აღიარა, რომ მირზა სუბელიანს შეხვდა

თბილისის ყოფილმა პროკურორმა მოზარდების მკვლელობიდან, თითქმის, 8 თვის შემდეგ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დაადასტურა, რომ მას ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით კომუნიკაცია მირზა სუბელიანთან ჰქონდა.

მიხეილ შაყულაშვილის განცხადებით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის ზარი, რომლის ოჯახის ორი წევრი სისხლიანი დაპირისპირების მთავარი ფიგურანტია, მის ტელეფონზე მკვლელობიდან რამდენიმე შევიდა, შეხვედრა კი სატელეფონო საუბრიდან საათნახევარში შედგა.

მიხეილ შაყულაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც მან მირზა სუბელიანს პოლიციაში მისვლა ურჩია, მასთან საუბრის შესახებ მთავრ პროკურორს და პროკურატურის სხვა ხელმძღვანელებს მოახსენა. მის მოადგილეს კი სუბელიანის შვილის დაკითხვის გაკონტროლება დაავალა, თუმცა თბილისის ყოფილი პროკურორი დღეს ამტკიცებდა, რომ თავად სუბელიანის მოწმის სახით დაკითხვის აუცილებლობა მაშინ არ ყოფილა.

მისივე განცხადებით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის დაკითხვა საჭიროდ მათ არც მაშინ მიიჩნიეს, როცა გამოძიებას უკვე ჰქონდა კალანდიების საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანდა, როგორ შედიოდა მირზა სუბელიანი მომხდარიდან მალევე კალანდიების სახლის ეზოში.

თბილისის პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნების არგუმენტები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებისთვის დამაკმაყოფილებელი არ იყო. ამიტომ შეკითხვა, რატომ არ დაკითხეს მირზა სუბელიანი, დღეს არაერთხელ დასვეს.

დღევანდელი გამოკითხვისას გაირკვა, რომ მიხეილ შაყულაშვილთან კომუნიკაცია თავად მირზა სუბელიანმა კომისიის წევრებს დაუმალა.

პროკურატურის წარმომადგენლებს დღეს შეკითხვები მიხეილ კალანდიაზეც დაუსვეს.  დავითა სარალიძის მკვლელობის ნაწილში მიხეილ კალანდიას შესაძლო პასუხისმგებლობის განხილვას დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს შორის კამათი მოჰყვა. საპარლამენტო უ8მრავლესობის წევრები უკმაყოფილოები იყვნენ, რომ უმცირესობა პროკურატურის წარმომადგენლებს პასუხების დასრულების საშუალებას არ აძლევდა.

თბილისის ყოფილი პროკურორისა და მისი მოადგილისგან ახსნა-განმარტებას საგამოძიებო კომისია დღეს რვა საათის განმავლობაში იღებდა.

დღის ამბები