04 მაისი 2024,   03:43
ვრცლად
საბერძნეთში ხანძრის დროს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას საელჩო არ ადასტურებს

„ასეთი სახის ინფორმაცია, გარდაცვლილის შესახებ, საელჩოში არ შემოსულა,“ - ეს განცხადება საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საბერძნეთსა და სერბეთში, იოსებ ნანობაშვილმა გააკეთა.

ნანობაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საბერძნეთში ძლიერი ხანძრის დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

ელჩი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქესთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა, თუმცა მისი ადგილსამყოფელი უკვე გაირკვა და ის თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

იოსებ ნანობაშვილის თქმით, საქართველოს საელჩო საბერძნეთში საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ათეულობით ინფორმაცია მივიღეთ სხვადასხვა ფაქტთან დაკავშირებით. ასეთი სახის ინფორმაცია, გარდაცვლილის შესახებ საელჩოში არ შემოსულა. ჩვენ ვეძებდით საქართველოს ერთ მოქალაქეს, სულ რამდენიმე ხნის წინ ჩვენ მოვახერხეთ მასთან დაკავშირება. იგი არის თავის ახლობლებთან ერთად, უსაფრთხო ადგილას. საელჩოს ცხელ ხაზზე შემოსულ ყველა ინციდენტზე რეაგირება მოხდენილია და საბედნიეროდ, ყველა ეს ინციდენტი დამთავრდა დადებითად. ახლა ჩვენ მოუთმენლად ველით საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაზუსტებულ ინფორმაციას გარდაცვლილთა და ჰოსპიტალიზირებულთა შესახებ, რომ დავრწმუნდეთ, რომ მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან,“ - განაცხადა იოსებ ნანობაშვილმა

საბერძნეთში ბოლო მონაცემებით, ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ქართველი ქალი, თუმცა აღნიშნულს საელჩო არ ადასტურებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები