22 დეკემბერი 2024,   10:16
ვრცლად
სასამართლო ინტერნეტით ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 5 პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ინტერნეტით ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული 5 პირისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

5 ბრალდებულიდან 2 ქალია. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები ე.წ. ვარდისფერ „ამფეტამინს“ თბილისსა და ბათუმში სხვადასხვა ადგილას მალავდნენ და შემდეგ ელექტრონული ქსელის გამოყენებით ყიდიდნენ.

5-ვე პირის მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, ადვოკატები კი გამოძიების დასრულებამდე დაკავებულების გირაოთი გათავისუფლებას ითხოვენ.

აკაკი ლომაძის ადვოკატი, რუსუდან ხარჩილავა, აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჩაითრიეს ამ საქმეში. რუსუდან ხარჩილავას თქმით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

„მე შემიძლია, სრულიად გამართულად ვთქვა, რომ ჩათრეულია. ჩათრეულია ნამდვილად, მთელი საქმის მასალა ამას ადასტურებს,“ - განაცხადა ადვოკატმა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ხუთივე დაკავებული ერთი პირისგან ყიდულობდა ნარკოტიკულ საშუალებას და ეს ადამიანი სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული იყო "რამზან კადიროვის" სახელით.

ზურაბ ლომიაშვილის ადვოკატის, ვაჟა არობელიძის, თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისი თქმით, დაკავებული ნარკოტიკის გავრცელებას უარყოფს.

„ვიღაც კადიროვი, დასაქმების პროგრამა აქვს, რომელსაც ახალგაზრდებს სთავაზობს სამუშაოს სასტუმროებში მენეჯერად და ა.შ. აგროვებენ დოკუმენტაციას, უღებენ სურათებს და ამის შემდეგ უკვე, როცა საქმე-საქმეზე მიდის, სხვა დავალებებს აძლევენ. ადრე შეეშვა იმის გამო, რომ რუსული ენა არ იცოდა და კონტაქტს ვეღარ ამყარებდა,“ - განაცხადა ადვოკატმა.

პროკურორის, ირინა ჩოჩიას, განცხადებით, დაკავებულები ერთი და იმავე ადმიანისგან იღებდნენ დავალებებს და მასვე უგზავნიდნენ ფოტოებს, სადაც ნარკოტიკულ საშუალებებს დებდნენ და შემდეგ ანაზღაურებას ამავე ადამიანისგან იღებდნენ. პროკურორის განცხადებით, ამ პირის იდენტიფიცირება, ჯერჯერობით, ვერ მოხერხდა.

„ეს პიროვნება მათ არ იციან, ვინ არის, გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ სოციალური ქსელით ჰქონდათ ვირტუალურად მასთან კონტაქტი. ამ დრომდე იმიტომ ვერ ხერხდება ამ ადამიანის კვალზე გასვლა, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ პიროვნებას აქვს მიღებული ზომები, თუნდაც, IP მისამართის დაფარვა და ა.შ., რითაც შესაძლებელია, განხორციელდეს მაქსიმალურად მისი პიროვნების იდენტიფიცირების დაცვა,“ - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები