22 დეკემბერი 2024,   10:26
ვრცლად
აჭარიდან ვიწყებთ მძლავრ სახალხო მოძრაობას, რომელიც მოედება ქვეყნის ყველა რეგიონს და წერტილს დაუსვამს უიმედობას - არმაზ ახვლედიანი

დემოკრატიული აუდიტის ცენტრის ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ვისაც არსებული რეჟიმი არ მოსწონს, გაერთიანდნენ და ერთობლივად მოძებნონ გამოსავალი. 

ამასთან დაკავშირებით ის ვრცელ მოწოდებას facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ "დროა, გავერთიანდეთ, შევიკრიბოთ და ერთად გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე პროტესტი ამ ანომალიური მმართველობისა და დანაშაულებრივი სისტემის წინააღმდეგ!"

მისი თქმით, მას პრობლემის მოგვარების მზა რეცეპტი არა აქვს და მისი იდეის უნიკალურობაც იმაშია, რომ საზოგადოებამ ერთობლივად მოიფიქროს გამოსავალი.    

"პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში გთავაზობთ არა გამზადებულ რეცეპტს მძიმედ დასნეულებული ქვეყნის გადასარჩენად, არამედ უნიკალურ, სამართლიან შესაძლებლობას, ყველამ, ხელისუფლებაში მყოფი არაერთი წესიერი, პროფესიონალი და გულანთებული ადამიანის ჩათვლით, ვინც მზად ვართ ამ უბედობის ჟამს, ერთად, უანგაროდ შევეხიდოთ საერთო საქმეს, განზე გადავდოთ განსხვავებულობა და დაპირისპირება, განვსაზღვროთ ამ ჩიხიდან გამოსვლის სწორი გზა, ჩამოვაყალიბოთ დანაშაულებრივი, ჩაკეტილი წრის გარღვევისა და ღირსეული მომავლის პრაგმატული გეგმა!" - წერს ის განცხადებაში. 

ის საზოგადოებას სთავაზობს, რომ შეიკრიბონ ბათუმში, თუმცა, კონკრეტულ დროს ჯერჯერობით არ ასახელებს და წერს, რომ ამას საზოგადოებას მოგვიანებით შეატყობინებს.  

 

"ჩვენ შევიკრიბებით ბათუმში. ზუსტ დროს და ადგილს მალე შეგატყობინებთ. სწორედ ბათუმიდან და აჭარიდან ვიწყებთ მძლავრ სახალხო მოძრაობას, რომელიც მოედება ქვეყნის ყველა რეგიონს და წერტილს დაუსვამს უიმედობას! აიძულებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაითვალისწინოს საქართველოს მოქალაქეთა ნება!

"ვაჩვენოთ ამ მთავრობას, რომ ჩვენი კანონიერი მოთხოვნების გაუთვალისწინებლად, მისი მმართველობის დრო სულ მალე ამოიწურება და ხალხის სამართლიანი განაჩენის აღსრულებას ვერავინ და ვერაფერი დააბრკოლებს!" - წერს არმაზ ახვლედიანი. 

დღის ამბები