21 დეკემბერი 2024,   20:37
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი აანონსებს, რომ ერთ კვირაში საარჩევნო კამპანიას დაიწყებს

სალომე ზურაბიშვილი აანონსებს, რომ ერთ კვირაში საარჩევნო კამპანიას დაიწყებს. დამოუკიდებელი დეპუტატი კომენტარებს არ აკეთებს, მაგრამ სოციალურ ქსელში წერს, რომ რამდენიმე დღეში ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია, ადასტურებს, რომ ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დათმობის პროცედურა უკვე დაიწყო და საელჩოში განაცხადი შეიტანა. ამით სალომე ზურაბიშვილი "საარჩევნო კოდექსის" მოთხოვნას ასრულებს.

ახალი ცვლილებებით, პრეზიდენტობის კანდიდატს შეიძლება, ჰქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, თუმცა, ერთი პირობით - კანდიდატმა სპეციალური დოკუმენტით უნდა დაადასტუროს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განაცხადი გაკეთებული აქვს.

ეკა ბესელია დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით სალომე ზურაბიშვილის წარმატებაში პირველივე ტურში დარწმუნებულია, თუმცა, რადიკალურად განსხვავებული პოზიციების აქვთ მისივე თანაგუნდელებს ქართული ოცნებიდან. უმრავლესობის ნაწილი ფიქრობს, რომ მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი უნდა ჰყავდეს და პასუხისმგებლობაც თავად უნდა აიღოს.

მმართველი პარტიის ლიდერები და პოლიტსაბჭოს წევრები დღეს თანაგუნდელებს ამშვიდებდნენ. უმრავლესობის ლიდერები ამბობდნენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და წინასწარ დასკვნების გაკეთება დამოუკიდებელ კანდიდატზე და მის შანსებზე არასწორია.

საპრეზიდენტო კამპანია 2013 წელს ქართულ ოცნებას 3,5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა. ეს ოფიციალურად დეკლარირებული თანხაა, თუმცა, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე ოცნებამ უფრო მეტი დახარჯა. ვინ დააფინანსებს ოცნების  მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, კამპანიას, ამ კითხვაზე მმართველ პარტიას ჯერ პასუხი არა აქვს.

ქართულ ოცნებაში კვირის ბოლოს პოლიტსაბჭოს სხდომის ელოდებიან, სადაც საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის მონაწილოებაზე ოფიციალური განაცხადი გაკეთდება. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე, თამთა ჯიქია.

დღის ამბები