26 დეკემბერი 2024,   15:43
ვრცლად
პაციენტი ექიმებს თირკმლის მოპარვასა და გაყიდვაში ადანაშაულებს - 76 წლის მამაკაცი ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს უჩივის

პაციენტი თბილისის ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმებს თირკმელის ქურდობაში და მის გაყიდვაში ადანაშაულებს.

ოპერაცია კლინიკაში თენგიზ აბულაძეს 22 იანვარს სწორ ნაწლავზე გაუკეთეს, რამდენიმე თვეში კი სხვა საავადმყოფოში ჩატარებული განმეორებითი კვლევების დროს აბულაძემ აღმოაჩინა რომ ცალი თირკმელი აღარ ჰქონდა.

დაზარალებული პაციენტი კლინიკას სამედიცინო რეგულირების სააგენტოში უჩივის. ექიმი კი ამტკიცებს, რომ აბულაძემ თავად მოაწერა ხელი ორგანოს ამოკვეთას.

აბულაძე ოპერაციიდან 7 თვის შემდეგ საკვებით მოწამვლის გამო ადგილობრივ საავადმყოფოში გასინჯეს და უთხრეს, რომ მარცხენა თირკმელი არ ჰქონდა. პაციენტს ეჭვი ორგანოებით ვაჭრობაზე გაუჩნდა.

ონკოლოგიურ კლინიკაში 4-საათიან ოპერაციას ქირურგ ლაშა თურქიაშვილთან ერთად უროლოგი ლევან მოთაშვილიც ესწრებოდა.

ექიმმა ლაშა თურქიაშვლმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფს ის დოკუმენტი აჩვენა, რომელზეც ოპერაციის წინ ხელი თავად პაციენტმა მოაწერა და მასში საუბარი ორი ორგანოს ამოკვეთაზე იყო. თურქიაშვილის თქმით, პაციენტს სიმსივნე ნაწლავის გარდა, თირკმელზეც ჰქონდა და ამ ორგანოს ამოკვეთის შესახებ, პაციენტის ოჯახის წევრებიც იყვნენ ინფორმირებული.

თირკმლის უკანონოდ ამოჭრაში დადანაშაულებული ქირურგი, ბრალდებას დაავადებული მოხუცის თირკმლის გაყიდვის თაობაზე აბსურდად მიიჩნევს და პაციენტის მხრიდან ცილისმწამებლური განცხადების გამო მორალური ზიანის მიყენებისთვის საჩივრის შეტანას თავადაც გეგმავს.

დღის ამბები